“ჩვენი მთავრობა დგას ნდობის კრიზისის წინაშე, წლების განმავლობაში რადიკალურმა და კორუმპირებულმა ისტებლიშმენტმა ძალაუფლება და სიმდიდრე წაართვა ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ როცა ჩვენი საზოგადოების საყრდენი მოშლილი და ერთი შეხედვით არასრულყოფილი იყო”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, დღეს ამერიკას ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი და ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ.
„ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ. ის ვერ იცავს ჩვენს შესანიშნავ კანონმორჩილ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ თავშესაფარსა და დაცვას სთავაზობს საშიშ კრიმინალებს, რომელთაგან ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდანაა და უკანონოდ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც უსაზღვრო დაფინანსებას გასცემს უცხო ქვეყნების საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს, დაიცვას ამერიკის საზღვრები ან უფრო მნიშვნელოვანი – საკუთარი ხალხი.
ჩვენს ქვეყანას აღარ შეუძლია ძირითადი მომსახურების მიწოდება საგანგებო სიტუაციებში, როგორც ეს ბოლოს ჩრდილოეთ კაროლინის შესანიშნავმა ხალხმა ნახა, რომელსაც ძალიან ცუდად მოეპყრნენ. სხვა შტატები კვლავ იტანჯებიან რამდენიმე თვის წინანდელი ქარიშხლის შედეგებისგან. ან უფრო ახლახანს, ლოს-ანჯელესში, სადაც ხანძრები კვლავ ტრაგიკულად მძვინვარებს. კვირების განმავლობაში, ყოველგვარი დაცვის გარეშე, ხანძარი ანადგურებს სახლებსა და თემებს, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უმდიდრეს და ყველაზე გავლენიან ადამიანებზე, რომელთაგან ზოგიერთი ახლა აქ ზის. მათ აღარ აქვთ სახლი. ეს საინტერესოა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ვერ მუშაობს კატასტროფების დროს, თუმცა მასზე იხარჯება იმაზე მეტი ფული, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. გვაქვს განათლების სისტემა, რომელიც ჩვენს შვილებს ასწავლის, რომ რცხვენოდეთ საკუთარი თავის ბევრ შემთხვევაში, ქვეყნის სიძულვილს, მიუხედავად იმ სიყვარულისა, რომლის მიცემასაც ასე სასოწარკვეთით ვცდილობთ მათთვის. ეს ყველაფერი შეიცვლება დღეიდან და ეს ძალიან სწრაფად მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.