საქართველოს სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ ირაკლი მეძმარიაშვილი დაინიშნა.
ირაკლი მეძმარიაშვილი იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის, „დინამოს“, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი.
მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის ქვეყნებში საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს წარმოადგენდა. ის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ ფედერაციას „სპორტი ყველასათვის“.
სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ ირაკლი მეძმარიაშვილის დანიშვნის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.