leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია ნოდია: ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა იყო თავისი სტილით დემაგოგიური, ნარცისისტული და მკვეხარა

„ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა იყო თავისი სტილით დემაგოგიური, ნარცისისტული და მკვეხარა”, – წერს ანალიტიკოსი გია ნოდია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ სოციალურ ქსელში.

ნოდია პოლიტიკურ უგემოვნობას უწოდებს ტრამპის გზავნილებს იმის შესახებ, რომ ამერიკისთვის ახლა მოდის სინათლე, თავისუფლება და ოქროს ხანა.

მისივე განცხადებით, ტრამპი “უამრავ უცნაურობას და ხანდახან სისულელეს ამბობდა”, თუმცა, დემოკრატებთან შედარებით, მაინც შეძლო და თავი წარმოედგინა საღი აზრის მხარედ, ამიტომაც მან არჩევნებში გაიმარჯვა.

„ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა იყო თავისი სტილით დემაგოგიური, ნარცისისტული და მკვეხარა. მუდმივი გამეორება, რომ აქამდე იყო უკუნი და ახლა მოდის სინათლე, თავისუფლება და ოქროს ხანა, პოლიტიკური უგემოვნობაა და ფაქტობრივად არასწორია (ამერიკა აქამდეც საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო, სხვა ქვეყნებთან შედარებით). არც საკუთარ თავზე, როგორც მარტვილზე და ღმერთისგან გამოგზავნილ მხსნელზე ლაპარაკია საუკეთესო სტილი.

მაგრამ ესაა ტრამპი და ამას შევეჩვიეთ. პოპულიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს არ მომწონს, მაგრამ მხოლოდ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. მთავარია, ამერიკის პრეზიდენტი რა პოლიტიკას გაატარებს.

რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ შინაარსს, დაპირებებს, ზოგი იყო საკმაოდ უცნაური („პანამის არხს დავიბრუნებთ“ – როგორ?) და ინფანტილური („მექსიკის ყურეს“ გადავარქმევთ და „ამერიკის ყურეს“ დავუძახებთ).

სამწუხარო იყო, უკრაინაზე რომ არაფერი თქვა, თუმცა იმედის მომცემი იყო, რომ არც გრენლანდია და არც კანადა არ უხსენებია.

მაგრამ მთლიანობაში, რიტორიკულ გადაჭარბებებს თუ არ ჩავთვლით, კონკრეტული პროგრამული დაპირებების უმრავლესობა ცუდი სულაც არ ყოფილა. არ ვიცი, რას ნიშნავს „საგანგებო მდგომარეობა საზღვარზე“, მაგრამ საზღვარი რომ სერიოზულად მისახედია, ცხადია. ასევე არ ვიცი, რაც ნიშნავს “საგანგებო მდგომარეობა ენერგეტიკაში” – მაგრამ ენერგეტიკის განვითარებასა და ამისთვის მისი ზედმეტი რეგულაციებისგან განთავისუფლებაში არასწორს ვერაფერს ვხედავ. სიტყვის თავისუფლება რომ დასაცავია და სახელმწიფო რომ გულგრილი უნდა იყოს კანის ფერის მიმართ (color-blind) და ადამიანებს მხოლოდ მათი უნარებით და დამსახურებით არჩევდეს, ესეც სწორია. და ა.შ.

მის სიტყვაში ერთი გამოთქმა მომეწონა: “revolution of common sense”, “საღი აზრის რევოლუცია“. რეალობა ისაა, რომ დემოკრატები აღიქმებოდნენ პარტიად, რომელიც საღი აზრის ფარგლებს გაცდა და ექსტრავაგანტურ და ანტილიბერალურ იდეოლოგიებთან („ვოუქიზმს“ რომ ეძახიან) გაიგივდა. თუმცა ტრამპი უამრავ უცნაურობას და ხანდახან სისულელეს ამბობდა, დემოკრატებთან შედარებით მან მაინც შეძლო, თავი საღი აზრის მხარედ წარმოედგინა. ამიტომაც მოიგო.

ჩვენთან ზოგი ტრამპს ჩვენს ქოცებს ადარებს, რაც, ჩემი აზრით არსებითად არასწორი და პოლიტიკურად არაპროდუქტიულია. ტრამპის ფანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ის პრინციპულად სხვა ტიპის მოვლენაა. ეს ქოცებს უნდათ, ტრამპის თანამოაზრეებად წარმოაჩინონ თავი და “შეეტენონ” – მათ ამაში არ უნდა დავეხმაროთ.

და ბოლოს: რაც ტრამპის წინა პრეზიდენტობიდან ვისწავლეთ, მისი გამოსვლებიდან გამომდინარე მის პოლიტიკურ ქცევას ადვილად ვერ გამოვიცნობთ. უნდა მოვიცადოთ, ამჯერად რას იზამს”, – წერს გია ნოდია.

ასევე იხილეთ