ოზურგეთში, ქალაქსა და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა გრძელდება – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ჯამში დამატებით 5 627 888 ლარი მოხმარდება.
„რა თქმა უნდა არ გვავიწყდება სტიქიის შედეგად მიღებული ზიანი და დაზარალებული მოსახლეობა. შესაბამისად, განვაგრძობთ ქალაქსა და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ჯამში დამატებით 5 627 888 ლარი მოხმარდება წელს ამ საქმეს – ხიდების აღდგენა მშენებლობას, გაბიონების მოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ტენდერები დასრულებულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. ვგეგმავთ ხიდების რეაბილიტაციასა და მშენებლობას მუნიციპალიტეტის სოფლებში: სილაური, შრომა, ჯუმათი, გაღმა დვაბზუ და მაკვანეთი. არაერთ ლოკაციაზე მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული დამცავი კედლების აღდგენა გაბიონებით. ესენია: ქადეიშვილის ქუჩა; ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევში; სოფელ გურიანთაში მდ. სკურდუმზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სარეგულაციო კედლის მოწყობა; სოფელ ნატანებში დონაურის უბანში საავტომობილო გზის მიმდებარედ, დაზიანებული ფერდის აღდგენა; ზემო ნატანებში, ნატანები-შრომის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ფერდის მონაკვეთის აღდგენა; სოფელ ჯუმათში შუშანდარის უბანში, ნაპირსამაგრი კედლის აღდგენა სამ სხვადასხვა უბანზე; ასევე, სოფელ ჯუმათში – ჭოკლაურის უბანში, დაზიანებული ხიდის სარეგულაციო ფრთების გაბიონით მოწყობა; სოფელ ვაკიჯვარში, სასაფლაოს გზის ფერდის გამაგრება საყრდენი კედლით; სოფელ ჭანიეთში, მილხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მდ. ნაბჟუარაზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა; ქ. ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდ. სკურჩაზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა, ასევე, ნ. ნიკოლაძის ქუჩის N10-12-ში მდ. სკურჩაზე არხის დაზიანებული კედლის აღდგენა და ერისთავის ქუჩაზე, მდინარის საყრდენი კედლის მოწყობა,“– განაცხადა ოზურგეთის მერმა.
ავთანდილ თალაკვაძემ სოფლებში მერის წარმომადგენლებს დაავალა, რომ მოსახლეობას დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა ლოკაციებზე რა სამუშაოებია დაგეგმილი.