leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ყველას მთავრობა, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესის მთავრობაც, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ არა მათი პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ მსჯელობა, რომელიც უკავშირდება ბიზნესის ინტერესებს

„ჩვენ ყველას მთავრობა ვართ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესის მთავრობაც, ამიტომ მათი აზრიც უნდა გავითვალისწინოთ, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ არა მათი პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ ის მსჯელობა, რომელიც უკავშირდება ბიზნესის ინტერესებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ხელს აწერენ პოლიტიკურ აქტებს, მათ შორის ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რითაც ადასტურებენ, რომ მათ სურთ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა სწორედ ბიზნესის რეკეტით.

„მზად ვარ, ყველას აზრი გავითვალისწინო, ყველა არის ჩვენი მოქალაქე და მით უმეტეს, ბიზნესის ინტერესები უნდა იყოს დაცული, მაგრამ არიან ბიზნესმენები, რომლებიც ხელს აწერენ პოლიტიკურ აქტებს, მათ შორის ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რითაც ადასტურებენ, რომ მათ სურთ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა სწორედ ბიზნესის რეკეტით. მათ სურთ ბიზნესის რეკეტიორების ხელისუფლებაში დაბრუნება. როცა ხელს აწერ პეტიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ამით შენ ადასტურებ, რომ გინდა ხელისუფლებაში დაბრუნდეს ვინ? – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტია, ბიზნესის რეკეტი – ეს უნდათ ამ ადამიანებს სინამდვილეში, არავითარი ევროპა და არავითარი რუსეთი არ არის აქ დღის წესრიგის თემა. სინამდვილეში ამ ადამიანებს შეგნებულად სურთ, ხელისუფლებაში დააბრუნონ ის ძალები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ბიზნესის რეკეტით“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველას აზრი გასათვალისწინებელია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისაც, თუ ეს აზრი ეხება ბიზნესს.

„თუ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს და „ნაცების“ დაბრუნებას, ბიზნესის რეკეტის დაბრუნებას, მაშინ ამას ვერ გავითვალისწინებთ. მაგრამ სადაც ისინი საუბრობენ ობიექტურად ბიზნესის ინტერესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათი საუბარიც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ყველას მთავრობა ვართ. ჩვენ ვართ მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესის მთავრობაც, ამიტომ მათი აზრიც უნდა გავითვალისწინოთ, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ არა მათი პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ ის მსჯელობა, რომელიც უკავშირდება ბიზნესის ინტერესებს. მოვიდნენ, ისაუბრონ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და კი ბატონო, მაგრამ როცა გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით, ეს მგონია, რომ არ არის მაინცდამაინც მათი საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ