„ევროსაბჭოს ასამბლეის წინაშე გვექნება გამოსვლა, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მოლოდინია ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია და არა აღქმებზე საუბარი, ყველა დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში არის ლეგიტიმურად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული.
„როგორც იცით, უკვე მრავალი წელია, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები ამ ორგანიზაციის, იქნებოდა ეს საკუთრივ საპარლამენტო ასამბლეაში, წამების წინააღმდეგ კომიტეტსა თუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამ ორგანიზაციის სხვა ორგანოებში. შესაბამისად, ჩვენ ახლაც დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში, ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია. გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს. ჩვენ მოველით ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ამ არჩევნებში. ყველა დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში, არის ლეგიტიმურად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი და ოპოზიციის ადგილები რჩება ვაკანტური ამ დელეგაციაში. ქართული დელეგაციის შემდგომი ვიზიტი როდესაც იქნება სტრასბურგში, თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, მათ შეეძლებათ ჩვენთან ერთად საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლაც, მონაწილეობაც სამუშაოებში და ა.შ.“ – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა, თუმცა, წულუკიანის განცხადებით, ფაქტები მმართველი გუნდის მხარესაა და ეს ფაქტები მოწმობს ერთს, რომ საქართველოში შედგა არჩევნები.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აპირებს ასევე სტრასბურგში ვიზიტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უარი აქვთ ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში შემოსვლაზე და ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათ არ შეეძლებათ საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა. რასაკვირველია, მათი უფლებაა და თავისუფლებაც, სხვა ფორმატებში კოლეგებთან გამართონ შეხვედრები, მაგრამ ეს ვერ იქნება ასამბლეაზე ოფიციალური მონაწილეობა ან სიტყვით გამოსვლა. სურვილი თუ ექნებათ, შეეძლებათ, შეხვდნენ სხვადასხვა დეპუტატს, კოლეგას, ვისთანაც მოკავშირეობა აკავშირებთ და თავიანთი პოზიციები იქ გააცნონ. ჩვენ ყოველთვის მოველით, და ნორმალურ ვითარებაში ასეა ხოლმე, რომ ქვეყნის ამომრჩევლის მიერ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატი ჯერ თავის ეროვნულ პარლამენტს და იმ მანდატს უნდა სცემდეს პატივს, რომელიც ხალხისგან მიიღო და შემდეგ დადიოდეს სხვა ქვეყნის პარლამენტებსა და ასამბლეებში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოსაზრებების გასავრცელებლად. ეს მათი ჩვეული სტილია და ჩვენ გვახსოვს, ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის მოპოვების დროს როგორ დადიოდნენ ბრიუსელში და ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ევროპელი მაღალჩინოსნები, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არ იმსახურებდა. ისინი ასევე ანტისახელმწიფოებრივად ცდილობდნენ, ასოცირების შეთანხმება არ ყოფილიყო გაფორმებული საქართველოს მხრიდან და ახლა მორიგჯერ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა, თუმცა ჩვენს მხარეს არის ფაქტები და ეს ფაქტები მოწმობს ერთს, რომ საქართველოში შედგა არჩევნები, ეს დაადასტურა ეუთო/ოდირმაც და თუკი განხილვა შედგება, ჩვენ ამ ფაქტებს წარვადგენთ დეტალურად“, – განაცხადა წულუკიანმა.