leaderboard_below_slide
left_sabechdi

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 15-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა სამის გადარჩენა მოახერხეს. დაშავებულები საავადმყოფოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ მოინახულა.

„საბედნიეროდ, მაშველებმა გადაარჩინეს ჩვენი სამი და-ძმა. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან“, – წერს ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში.

მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებიდან ორი ადამიანი შენობის პირველ სართულზე არსებული მაღაზიების მესაკუთრეა, დანარჩენები კი მაღაზიების ოპერატორები.

„2025 წლის 24 იანვარს დააკავეს ოთხი ეჭვმიტანილი, რომლებიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან კონიას პროვინციის სელჩუკლუს რაიონში ოთხსართულიანი შენობის ჩამონგრევაზე. მიმდინარეობს დეტალური ექსპერტიზა და საგამოძიებო პროცედურები“, -აღნიშნულია კონიას მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ