leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: რადიკალების მოთხოვნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის გადადგომის თაობაზე, აბსურდულია!

გადადგომას არავინ არ აპირებს!

ბონდო მძინარაშვილი: რადიკალების მოთხოვნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის გადადგომის თაობაზე, აბსურდულია!

„საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია პოლიტიკური და ბიზნეს-გავლენებისგან. ის არ არის დამოკიდებული რეკლამაზე და არც იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, რადგან კანონმდებლობით აქვს გარანტირებული თავისუფლება“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „საქართველოს რესპუბლიკასთან“ საუბრობს. მისი თქმით, პირველი არხი ოპოზიციურ პარტიებს საეთერო დროის დიდ ნაწილს უთმობს და მაუწყებლის მიმართ მათი პრეტენზიები აბსურდულია.

– ბონდო, ერთხელ ახსენეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას თავისი ჰგონია და თითოეულ მათგანს, „პირველი არხის“ მიმართ, საკუთარი პრეტენზია აქვს, რაც ფაქტობრივად, მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. რეალურად რას და ვის ემსახურება ეს ისტორიული მაუწყებლობა?

– ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ყველაზე მნიშვნელოვანი მსაზღვრელი არის მედიის დამოუკიდებლობა. დღეს, საქართველოში, მედიასაშუალებები აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან სახელმწიფოს გავლენისაგან. რა თქმა უნდა, ყველა მედიასაშუალება მეპატრონის თუ სპონსორის ინტერესებს, ანუ ბიზნესგავლენას თავს ვერ დააღწევს, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მხრივაც გამოირჩევა.
კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია პოლიტიკური და ბიზნეს-გავლენებისგან. ის არ არის დამოკიდებული რეკლამაზე და არც იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, რადგან კანონმდებლობით აქვს გარანტირებული თავისუფლება და დაფინანსების წესიც კი, რომელიც ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, განსაზღვრული მოცულობის თანხას ითვალისწინებს. პირველი არხი არ არის დამოკიდებული კონკრეტული პოლიტიკური (მმართველი თუ ოპოზიციური) პარტიების განწყობებზე, რაც განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას. თუმცა, პოლიტიკური ძალებს მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ ხელში ჩაიგდონ და მასზე გავლენა მოიპოვონ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბრობენ, თითქოს პირველ არხს არა აქვს რეიტინგი, ყველამ კარგად იცის, მათ შორის, სხვადასხვა ტელევიზიების თანამშრომლებმაც, რომ ყველაზე გაწონასწორებული, ყველაზე მიუკერძოებელი მაუწყებელი არის სწორედ პირველი არხი. თან ამბობენ, არავინ უყურებსო და თან პირველი არხის გადაცემებში მონაწილეობის სურვილს აგრესიული ფორმით მოითხოვენ. თუ არავინ უყურებს, რატომ აქვთ ასეთი სურვილი და და ასეთი დაჟინება?! იმიტომ, რომ კარგად იციან: საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა საქართველოში, კლასიკური გაგებით, ტელევიზია არ არსებობს; ყველა ტელევიზია არის რომელიღაც პოლიტიკური პარტიის გულშემატკივარი და მისი ინტერესების ღიად მხარდამჭერი, პროპაგანდის განყოფილება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს მისთვის განსაზღვრული პრიორიტეტებით, საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში და მისი ვალდებულებაა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სპორტული თუ კულტურულ-საგანმანათლებლო გადაცემების მომზადება. ამ პროცესში მაუწყებლის პოლიტიკურ აქტორად გამოყვანა ან მცდელობა, რომ მასაც ისეთივე პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს, როგორიც აქვთ, მაგალითად, „იმედს“, „რუსთავი-2-ს“, „მთავარს“, „ფორმულას“ თუ „ტვ-პირველს“, – მიუღებელია! ტელევიზიების საეთერო ბადეს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ფაქტობრივად, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული გადაცემები საერთოდ არ აქვთ, ან ძალიან მცირე დოზით აქვთ წარმოდგენილი. საზოგადოებრივ მაუწყებელს კი აქვს ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტი, რაც, უპირველესად, საზოგადოების გემოვნებას და მისი კულტურულ-შემეცნებითი დონის ამაღლებას ემსახურება.

– კონკრეტულად რა უნდათ, რას ითხოვენ თქვენგან?

– რადგან ყველა სხვა ტელევიზია კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს არის მორგებული, ადამიანები, მათ შორის ტელევიზიების თანამშრომლები, ძალიან ღიზიანდებიან, როცა ხედავენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის რაღაც შემეცნებითი გადაცემა იმ მომენტში, როცა, მაგალითად, ქუჩაში აქცია მიმდინარეობს და სხვა ტელევიზიები ჩხუბის და წივილ-კივილის კადრებს უთმობენ საეთერო დროს. მათ არ უნდათ იმის გაგება, რომ საქართველოში არის ასიათასობით ადამიანი, რომელიც საერთოდ არ უყურებს იმ ტელევიზიებს, სადაც წივილ-კივილს აჩვენებენ და არც აინტერესებს ის, რაც ქუჩაში ხდება. ამიტომ რადიკალები დაჟინებით მოითხოვენ, რომ პირველმა არხმაც იმაუწყებლოს ზუსტად ისე, როგორც ის ტელევიზიები მაუწყებლობენ, რომლის თანამშრომლებიც თავად მართავენ საპროტესტო აქციებს. ბევრი მათგანი იყო ჩვენი ტელევიზიის თანამშრომელი და მათ კარგად უნდა ესმოდეთ პირველი არხის მუშაობის სპეციფიკა. აქციის მონაწილეთაგან, ზოგიერთი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შემუშავებაშიც კი მონაწილეობდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციას განსაზღვრავს და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მათ არ ესმით, თუ რას ითხოვენ! მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტის ფულით ფინანსდება, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანაში სამმილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ ასი, ათასი ან თუნდაც 10 ათასი ადამიანის ფულით არ ფინანსდება ეს ტელევიზია. პირველი არხი ვალდებულია, ყველას ინტერესი დააკმაყოფილოს და არა მხოლოდ იმ, თუნდაც, ათასი ადამიანის, რომელიც პროტესტს გამოხატავს და აგრესიულად ითხოვს საეთერო დროს! თუ კარგად გადაიანგარიშებთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 24-საათიანი საეთერო დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობს ამ კონკრეტული რადიკალური ჯგუფების საპროტესტო აქციებს. მათ იმის გაგებაც არ უნდათ, რომ ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი, ოფიციალურად, საარჩევნო შედეგების მიხედვით, მათ მოსაზრებას არ ეთანხმება. ის მილიონზე მეტი ადამიანიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელია და მათაც უნდა შევთავაზოთ ისეთი სატელევიზიო პროდუქტი, რომელიც მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს!
ახლა ამბობენ, მაუწყებლის შენობის წინ სტუდიას მოვაწყობთ და გადაცემებს იქ მოვამზადებთო. არ არის პრობლემა, – რადიკალებს შეუძლიათ ქუჩაში, ტელევიზიის წინ მოაწყონ კუსტარული სტუდია და იმაუწყებლონ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დადგეს ქუჩაში, ტროტუარზე, სკვერში თუ კიბის ქვეშ, თუკი ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს არ შეუქმნის, მოაწყოს სტუდია და გააკეთოს თავისი ქუჩის მაუწყებლობა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ!

– კი მაგრამ, რატომ უნდა დადგნენ ქუჩაში, როცა 20-ზე მეტი მედიაპლატფორმა აქვთ თავიანთი, ან პირველი არხი რატომ ამოიჩემეს მაინცდამაინც, – მხოლოდ იმ მიზეზით, რომ „გადასახადების გადამხდელები“ არიან?

– მიაქცევდით, ალბათ, ყურადღებას, რომ საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ მუდმივად უთმობს ეთერს ოპოზიციის აქტივობებს, რაოდენ რადიკალური და პირადად ჩემთვის მიუღებელიც უნდა იყოს ის. ასევე, მუდმივად გადის სხვადასხვა პოლიტიკოსის კომენტარები, პრესკონფერენციები… წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მათი შეხვედრები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ანუ მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს ჩვენგან ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თუ პარტიას. თუმცა, მათი მიზანი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება და მისი ისეთივე ინსტრუმენტად გამოყენება, როგორც იყენებენ სხვა ე.წ. ტელევიზიებს. უფრო მეტიც, სხვა ტელევიზიების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები ცდილობენ იმ უფლების მოპოვებას, რომელი უფლებაც ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს – მეურვეებსაც კი არ გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია გადაცემების შინაარსში ჩარევა, ჩვენ არ შეგვიძლია, გადაცემების წამყვანებს და ჟურნალისტებს მივუთითოთ, ვინ მოიწვიონ სტუდიაში სტუმრად და ვინ ჩაწერონ სიუჟეტისთვის, ეს ხალხი კი ქუჩიდან მიუთითებს, ვინ უნდა მოიწვიონ და ვინ – არა. ეს სერიოზულია?! ეს მისაღებია დემოკრატიულ საზოგადოებაში?! ბუნებრივია, ამის უფლებას მათ არავინ მისცემს!

– ყურადღება იმასაც მივაქციე, რომ პირველი არხის წამყვანები საკმაოდ თამამად, ღიად გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ მხარდაჭერას თუ ანტიპათიას, – თუნდაც განსხვავებულ პოზიციას და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. როგორც ჩანს, ისინი არც ამ თვალსაზრისით არიან შეზღუდული!

– არა, რა თქმა უნდა! ასეთი დამოკიდებულება არ არის საზოგადოებრივ მაუწყებელში. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლონ. ჩვენი ჟურნალისტები რობოტები კი არ არიან! ბიბისის სტანდარტია, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ხარ და შენს პირად დამოკიდებულებას გამოამჟღავნებ, ამის შემდეგ, შეიძლება, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან ორგანიზაციამ, უბრალოდ, შენს ტელევიზიასთან აღარ ითანამშრომლოს. ეს არის მიზეზი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მეტად თავშეკავებულები არიან საჯაროდ პოზიციის გამოხატვისგან. ჩვენ არ ვზღუდავთ თანამშრომლებს და სხვა ტელევიზიებისგან ამითაც განვსხვავდებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ზომიერება და არსებობს მიუკერძოებლობის სტანდარტი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას! მთავარია, მათ საკუთარი პოზიცია თავს არ მოახვიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს და როდესაც ინფორმაცია შუქდება, ის არ გაშუქდეს კერძო სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპი.

– საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ რადიკალებს უცნაური მოთხოვნები აქვთ. მაგალითად, მოითხოვენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის გადადგომას, პატიმების გათავისუფლებას, ვადამდელ არჩევნებს და ა.შ. მართლა ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი პირველი არხის პრეროგატივაა?

– საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს და ამტკიცებს პარლამენტი, კვოტების შესაბამისად. ეს არის უმრავლესობის, უმცირესობის, სახალხო დამცველის და აჭარის ავტონომიეური რესპუბლიკის კვოტები. თავის მხრივ, სამეურვეო საბჭო უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს და გენერალურ დირექტორს და, რადგან ორივე სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის მიერ არის არჩეული, რადიკალების მოთხოვნა, მათი გადადგომის თაობაზე, აბსურდულია! არავინ არსაიდან გადადგომას არ აპირებს! ამ ადამიანებს ნდობა გამოუცხადა სამეურვეო საბჭომ და, შესაბამისად, ისინი განაგრძობენ მუშაობას! სხვათა შორის, კარგად მუშაობას!

გარდა ამისა, დაპატიმრებულების გამოშვება, საერთოდ არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე. მით უმეტეს, ჩვენი საქმე არ არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა. ჩვენც სახელმწიფო ინსტიტუტი ვართ, მაგრამ ჩვენი საქმე განსაზღვრულია კონსტიტუციით და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ითვალისწინებს. კიდევ ერთი საკითხი, – ეს არის ჟურნალისტების მხრიდან რაღაც „მთავრობების“ ჩამოყალიბება და პოლიტიკურ პროცესებში შეჭრა! ჟურნალისტის საქმე არის კონკრეტული პროცესებზე თვალყურის მიდევნება, მოვლენების გაშუქება და არა მთავრობის ფორმირება. ჩვენ ვართ პროცესის ამსახველები, გამშუქებლები და არა მონაწილენი. სწორედ ამ აღრევამ გამოიწვია, რომ ვეღარ გაგვიგია, ვინ პოლიტიკოსია, ვინ ჟურნალისტია, ვინ ანალიტიკოსია და ა. შ.

ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და იმ ადამიანებმაც, რომლებიც თავიანთი წარმომადგენლებით მოადგებიან ხოლმე საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველ საღამოს, კეთილი ინებონ და თავიანთ სამსახურებში, თავიანთ ტელეეთერებში თუ ონლაინგამოცემებში გამოხატონ საკუთარი ნება!

ამ აქციებმა, რომელსაც რადიკალები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მართავენ, დაამტკიცა, რომ ყველაზე მეტი მაყურებელი სწორედ პირველ არხს ჰყავს! და თუ რაღაც რეიტინგებში და სკანდალებში არ ვართ ჩართული, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მაყურებელი და მსმენელი არის ჭკვიანი, გონიერი, გაწონასწორებული და ხარისხიან მედიაპროდუქტს მოითხოვს. ჩვენ კი ვცდილობთ, მათი მოთხოვნების შესაბამისად ვიმოქმედოთ და კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ.

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ N 8(9840), 24 იანვარი, 2025 წელი.

ასევე იხილეთ