გურამ მაჭარაშვილი: ვაშაძესაც და „ნაცმოძრაობასაც“, თავის ზურაბიშვილიანად, აქვთ ერთი გამოსავალი, რომ ჩამოსცილდნენ პოლიტიკას
“ვაშაძესაც და „ნაცმოძრაობასაც“, თავის ზურაბიშვილიანად, ერთი გამოსავალი აქვთ, რომ ჩამოსცილდნენ პოლიტიკას და შემდეგ უნდათ, პლატფორმა შექმნან, უნდათ – თავიანთი პარლამენტი, უნდათ – კარვები, რაც უნდათ, ის შექმნან, ამაში სრულად თავისუფალი არიან. შემდეგ დაირქვან ზოგმა პრეზიდენტი, ზოგმა – პრემიერი, რაზეც ოცნებობს ვაშაძე”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მთავარი ისაა, რომ საქართველოს და მსოფლიოს დღის წესრიგი აბსოლუტურად შეცვლილია.
“რასაც ამბობდნენ ვაშაძე, ზურაბიშვილი და გვარამია, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამბობს ამერიკელი ხალხი და მათი პრეზიდენტი, ევროპული საზოგადოება, მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს საზოგადოება. ისინი არიან მდინარის ნაპირზე გარიყული და ახლა იქ პლატფორმას შექმნიან, ახალ პარლამენტს და ახალ პრემიერს აირჩევენ, ეს მათი ნებაა”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „გამოსავალი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაა, მინდა, ყველა პარტიას, მათ შორის ქალბატონ სალომესაც ვუთხრა, რომ არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ რომელი პარტიიდანაა“.