ნათია სონღულაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნებისმიერ მსხვერპლს სრულ კონფიდენციალურობას სთავაზობს
“სპეციალური საგამოძიებო სამსახური სრულ კონფიდენციალურობას სთავაზობს ნებისმიერ მსხვერპლს და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც მსხვერპლებმა მოგვმართეს და ჩვენ უზრუნველვყავით მათი არა მარტო კონფიდენციალურობა, არამედ იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონებს არ სურდათ მამაკაც გამომძიებლებთან კომუნიკაცია და მათ ყოველთვის ვთავაზობთ ქალ გამომძიებლებს,” – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნათია სონღულაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„საქმეების გამოძიებისას გვქონია შემთხვევები, როდესაც ოჯახთანაც გვიწევს კომუნიკაცია და მათ შეიძლება არ იცოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრს სხვა პარტნიორი ჰყავდა და ერთგვარი უხერხულობა შეიძლება შეიქმნას. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ვფრთხილობთ, რომ პირადი ცხოვრება იყოს დაცული“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.
მან ასევე მსხვერპლ ქალებს მიმართა, რომ არ დაელოდონ უშუალოდ მუქარის [შესრულების] ფაქტებს და პირველივე მუქარისთანავე მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 199 და ასევე შეუძლიათ მათთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით მოგვმართონ. აგრეთვე ძალიან კარგი იქნება, ეცადონ შეინახონ მტკიცებულებები, რათა დაგვეხმარონ მოძალადეები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მივცეთ. განსაკუთრებით გვინდა ბავშვებსა და არასრულწლოვანებს მივაწვდინოთ ხმა და ვუთხრათ, რომ მათ ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ მოგვმართონ“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.