არჩილ გორდულაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე: სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში პოლიტიკა არის იმ ადამიანების თავშესაფარი, რომლებიც ცდილობენ მართლმსაჯულებას გაექცნენ
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში პოლიტიკა არის იმ ადამიანების თავშესაფარი, რომლებიც ცდილობენ, რომ მართლმსაჯულებას გაექცნენ. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის ბატონი ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებიც პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარიყვნენ და შემდეგ ეთქვათ საზოგადოებისთვის, რომ რადგან ჩვენ პოლიტიკურად აქტიურები ვართ, ამიტომ გვდევნიან”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„იგივე მაგალითია ბატონი გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაც, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს და იმ ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა მარშებს ატარებენ ჩვენი ქვეყნის და დედაქალაქის ქუჩებში. ის ამით ცდილობს, რომ ინდულგენცია მოიპოვოს, რითაც შეეძლება, რომ ილაპარაკოს, რომ პოლიტიკურად აქტიურია და სასამართლოც მისდამი არ არის თურმე მიუკერძოებელი.
ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ატეხენ ერთ ვაი-ვიშს და უბედურებას ეს ადამიანები, რომლებიც მისი გუნდელები არიან, რომ მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი არის დარღვეული, მერე შესაძლებელია, რომ წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ ქართული მართლმსაჯულება არის მართალიო“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.