„რამდენი ვქექე იქ და ვეძებე ეს მონოგრაფია, მაგრამ არაფერი არ აღმოჩნდა. არადა, წარმოვიდგენდი, რა გამორჩეული მონოგრაფია იქნებოდა – ერთი მწიგნობარის და სახალხო მოღვაწის, გამომცემლის, ლექსიკოგრაფის, ასევე მეორე მწიგნობარზე, სახალხო მოღვაწეზე, გამომცემელზე, ლექსიკოგრაფზე და პირველი ენციკლოპედიური ლექსიკონის შემდგენელზე“, – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ივანე როსტომაშვილზე იოსებ იმედაშვილის მონოგრაფიის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ბავშვობისას, მამას რომ ბოჭორიძის ქუჩაზე მივყავდი, სადაც ჩემი პაპის – გიორგი თაქთაქიშვილის სახლი დგას, ბიძასთან და ბიძაშვილებთან შეხვედრა მელოდა და მოუთმენლად ვადევნებდი თვალებს მანქანიდან მოძრავ სახლის ფასადებს, რომლებიც ბოჭორიძის ასახვევთან არკიანი ორსართულიანი სახლით მთავრდებოდა. მამა მეუბნებოდა – აქ ცხოვრობს ზიზი როსტომაშვილი, ჩვენი ნათესავი. როგორი ნათესავი იყო, არ ვიცი დღესაც. მერე იყო და უკვე სტუდენტობისას ბიძამ გამაცნო ქალბატონი ზიზი, რომელმაც წიგნები მაჩუქა, მათ შორის თავისი წინაპრის – ივანე როსტომაშვილის ენციკლოპედიის პირველი ოთხი ტომი.
დღესაც საკრალური წიგნების გვერდით მაქვს ეს გამოცემა. ქალბატონმა ზიზიმ მითხრა, რომ ივანე დაიჩრდილა და მისი მოღვაწეობა არაა დაფასებულიო, ისიც მითხრა, რომ მის სახლში ინახებოდა ასევე ცნობილი და დაუფასებელი მოღვაწის – იოსებ იმედაშვილის მონოგრაფია ივანე როსტომაშვილზე, რომელიც განათლების მუზეუმში ჩაუბარებიათ და ის უნდა გამოიცესო.
გავიდა რამდენიმე წელი და განათლების მუზეუმი შეეწირა 1991 წლის ტრაგიკულ სახელმწიფო გადატრიალებას.
2004 წელს ბატონი კობა იმედაშვილი გავიცანი და დავმეგობრდით. მისი სახლის პირველ სართულზე განლაგებული იოსებ და გაიოზ იმედაშვილების უნიკალური არქივი ისე დავამუშავე, რომ როცა ბატონ კობას დასჭირდებოდა რაიმე მასალა, მირეკავდა და წყნარი თავისებური ხმით მეტყოდა – ლევან, რომ მოიცლი, ამოდი ჩემთან, არქივში მინდა რაღაცის ნახვაო. ავდიოდი და მოვუძებნიდი ხოლმე. რამდენი ვქექე იქ და ვეძებე ეს მონოგრაფია, მაგრამ არაფერი არ აღმოჩნდა. არადა, წარმოვიდგენდი, რა გამორჩეული მონოგრაფია იქნებოდა – ერთი მწიგნობარის და სახალხო მოღვაწის, გამომცემლის, ლექსიკოგრაფის, ასევე მეორე მწიგნობარზე, სახალხო მოღვაწეზე, გამომცემელზე, ლექსიკოგრაფზე და პირველი ენციკლოპედიური ლექსიკონის შემდგენელზე.
ავტორი იოსებ იმედაშვილის ნაწერი ივანე როსტომაშვილზე, მაგრამ… არსად არ იყო, ვიყავი ლიტერატურის მუზეუმში, არც იქ არ იყო არაფერი.
ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს ბატონი კობა და მთხოვს, ვეწვიო. მანახვებს იოსებ იმედაშვილის მაგიდას და მეუბნება, რომ ეროვნულ არქივს უნდოდა, წაეღო და გაწელა. არ უნდათ და ნუ უნდათ, წაიღეთ თქვენო. იქვე მეორე ულამაზესი მაგიდა იყო. – ეს? ამას თუ დაგვითმობთ-მეთქი?
არავითარ შემთხვევაში, სანამ ცოცხალი ვარ, ვერ დავთმობ, შემდეგ კი ჩემს შვილს დაელაპარაკეთო. ამ მაგიდას, ნახე, საიდუმლო უჯრა აქვსო და გამოხსნა ეს უჯრა. უჯრაში იდო მხოლოდ ერთი საქაღალდე, რომელიც გაზეთში იყო გახვეული და ეწერა: ივანე როსტომაშვილი!
მინდოდა, ჩავხუტებოდი ბატონ კობას! დავავლე ხელი ალბომს და ვუთხარი: ბატონო კობა, ეროვნული ბიბლიოთეკა გამოსცემს ამ წიგნს-მეთქი. წაიღე, ხომ მაინც მიაღწიე სურვილსო, რა თვალი გაქვსო. ათასჯერ გამიხსნია ეს უჯრა და ეს საქაღალდე არ დამინახავსო.
რა ბედნიერი დავეშვი კოტე მესხის ქუჩაზე, მოვდიოდი და მეგონა, ყველა სახლიდან მე მილოცავდა!
წელს ეს წიგნი დაიბეჭდება!
უკვე აკრეფილია და კაბადონდება. ამ ფოტოზე ეს საქაღალდე მიჭირავს. ივანე როსტომაშვილი! უდიდესი გამომცემელი, პედაგოგი, საანბანო წიგნების გამომცემელი, პირველი ქართული ენციკლოპედიის გამოცემას შეჭიდებული!
რამდენი დიდი ადამიანი გვყავს, რამდენი პატრიოტი,
მაგრამ ასევე რამდენი იდიოტი!
ნათელში იყოს ივანე როსტომაშვილის, მისი დამფასებელი იოსებ იმედაშვილის, მისი მონოგრაფიის საიმედოდ შემნახავის გაიოზ იმედაშვილის და ამ მონოგრაფიის ჩემთვის მომცემის კობა იმედაშვილის სულები!“ – წერს ლევან თაქთაქიშვილი.