შალვა პაპუაშვილი: ოფიციალური ვიზიტის დროს, თუკი საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას, არ არის პრობლემა
“ოფიციალური ვიზიტის დროს, თუ საჭირო იქნება, ვიზას აიღებს ადამიანი, ევროკავშირის გადაწყვეტილება არაევროპული საქციელია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.
„ოფიციალური ვიზიტის დროს, თუკი საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას, არ არის პრობლემა. მინდა, ვთქვა, რამდენად არაევროპული, მათ შორის, რამდენად მდაბალი საქციელია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაც იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ამასაც ვხედავთ.
როცა განსაკუთრებით, გვესაუბრებიან დემოკრატიაზე და იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ზუსტად იმ კაბინეტებში, შარშან ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, ადამიანი, კრიმინალი, რომელიც იძებნება, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში. ვისი სქემები იყო „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ტელევიზიების მფლობელებისთვის წართმევა – ზურაბ ადეიშვილის სქემებით მოხდა ეს ყველაფერი. ეს ადამიანი უზით იმ კაბინეტში და შემდეგ იმ კაბინეტიდან ქართველ ხალხს ელაპარაკებიან დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.