„გიორგი მიქაუტაძე, შესაძლოა, „რომაში“ გადავიდეს, მაგრამ „ლიონი“ ქართველ თავდამსხმელში 30 მილიონ ევროს ითხოვს”, – ინფორმციას Sky Sport-ის ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
მისი ცნობით, „რომა“ კიდევ ერთხელ დაინტერესდა საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით.
ქართველ ფეხბურთელს რომაულ კლუბს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში უკავშირებდნენ, როდესაც დანიელე დე როსი ჯერ კიდევ „რომას“ სათავეში იყო. თუმცა მიქაუტაძემ არჩევანი „ლიონზე“ შეაჩერა და კონტრაქტიც გააფორმა.
მაგრამ, როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი იტყობინება, მიქაუტაძე, შესაძლოა, იტალიაში მაინც წავიდეს.
„ქართველი თავდამსხმელი „ლიონში“ მთლად ბედნიერი არ არის და სატრანსფერო „ფანჯრის“ ვადის ამოწურვამდე, შესაძლოა, ფრანგული გუნდიდან გადასვლა მოისურვოს.
„რომამ“ ბოლო დღეებში მოთამაშის გარემოცვას მიმართა და დაინტერესდა, ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი რამდენად ხელმისაწვდომია. „ლიონმა“ მიქაუტაძის სატრანსფერო ფასად 30 მილიონი ევრო დააწესა“, – ამტკიცებს დი მარციო.