საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები თუ საფრთხის ქვეშ დადგება, გრენლანდიაში ევროკავშირის ჯარების განთავსება არ არის გამორიცხული
“ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები თუ საფრთხის ქვეშ დადგება, გრენლანდიაში ევროკავშირის ჯარების განთავსება არ არის გამორიცხული”, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
“Sud Radio”-სთან ინტერვიუში ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა დაუყოვნებელი მოქმედება გამორიცხა.
“ამ ეტაპზე, ეს არ არის დანიის სურვილი”, – განაცხადა ბარომ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არქტიკა გახდა “ახალი კონფლიქტის ველი”, რომელიც “უცხოური ჩარევის” რისკის ქვეშაა.
“არსებობს ძალიან მყარი სოლიდარობა ევროპული ქვეყნებისგან და ისინი მზად არიან, იფიქრონ ამაზე თუ საქმე აქამდე მივა“, – განაცხადა ბარომ.
პარალელურად, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ “არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ, რომ არსებობს სამხედრო საფრთხე გრენლანდიისთვის ან დანიისთვის”.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.