უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს “ეშინია მოლაპარაკებების, ეშინია ძლიერი ლიდერების და ყველაფერს აკეთებს ომის გასაჭიანურებლად. მისი ყოველი ნაბიჯი და ყველა ცინიკური ხრიკი მიმართულია იმისკენ, რომ ომი უსასრულო გახადოს”.
ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის სიტყვებს, რომ ის არ არის მზად, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც „არალეგიტიმურად“ მიიჩნევს.
ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ახლა „არსებობს ნამდვილი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა“, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ „ან გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობები ან მიიღოს პაუზა, რათა შემდგომში, ჰიბრიდული დარტყმების მიყენებით, მოამზადოს ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრა“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, გაითვალისწინონ წარსულის შეცდომები და „აიძულონ“ რუსეთი, მშვიდობის დამყარებას დათანხმდეს.