ვლადიმერ ბოჟაძე 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: სრულიად სამარცხვინოა ოპოზიციონერების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამხელა კომპანია თურმე რაღაც სანქციებს არიდებს თავს და სხვის ფულს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში
“სრულიად სამარცხვინოა ოპოზიციონერების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამხელა კომპანია [Emaar ჯგუფი] თურმე რაღაც სანქციებს არიდებს თავს და სხვის ფულს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
დეპუტატი ოპოზიციის მიერ ექვს მილიარდიანი ინვესტიციის დისკრედიტაციის კამპანიას გამოეხმაურა.
“ოპოზიციისთვის 26 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხებაც დაუჯერებელი იყო, თუმცა დამარცხდნენ და მათ ჯერ კიდევ 12 წლის წინ მიუჩინა ქართველმა ხალხმა ადგილი. სრულიად სამარცხვინოა ოპოზიციონერების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამხელა კომპანია [Emaar ჯგუფი] თურმე რაღაც სანქციებს არიდებს თავს და სხვის ფულს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში. ის, რაც კარგია, საქართველოში ოპოზიციისთვის ცუდია. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მათი ამ შეფასებებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ბოჟაძემ.
საქართველოში მსოფლიოში ცნობილი – Emaar ჯგუფის შემოსვლით ხელისუფლება და ეკონომისტები მრავალმხრივ დადებით ეფექტს ელიან. ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ტურისტი, საინვესტიციო რუკაზე უფრო თვალსაჩინო ადგილი და ეროვნული ვალუტის გამყარებაც.