დავით მათიკაშვილი: ქვეყანაზე ზეწოლა მას შემდეგ მოიხსნება, რაც მთელს მსოფლიოში ამერიკული პოლიტიკის გავლენა გაიზრდება, მათ შორის, ევროკავშირზე
“ქვეყანაზე ზეწოლა მალე მოიხსნება, მას შემდეგ, რაც მთელს მსოფლიოში ამერიკული პოლიტიკის გავლენა გაიზრდება, მათ შორის, ევროკავშირზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთში 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურს ვერ დაარქმევენ, რადგან კანონისა და კონსტიტუციის სრული დაცვით ჩატარდა.
“რიკარდ იოზვიაკის მიერ კულუარებში მოსმენილის გასაჯაროება ძალიან ხშირად სიმართლეა და ბევრჯერ დადასტურებულა. რა თქმა უნდა, ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურს ვერ დაარქმევენ, ბუნებრივია, რადგან არჩევნები კანონის და კონსტიტუციის სრული დაცვით ჩატარდა უამრავი დამკვირვებლის ზედამხედველობის ქვეშ, მათ შორის ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონიტორების, ასევე იმ რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლების თვალწინ, რომლებიც დღეს პარლამენტში შესვლაზე უარს ჯიუტად აცხადებენ და ამით ცდილობენ, ქართულ დემოკრატიაზე ზეწოლა მოახდინონ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანაზე ზეწოლა ძალიან დიდია.
„კოორდინაცია, რომ საქართველოში ხელისუფლება არალეგიტიმურად შეიცვალოს, ძალიან მაღალია. თუმცა, ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმას ევროპიდან ცალკეული ჩინოვნიკები ერიდებიან. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს პრეზიდენტის საკითხზე. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია და ეს მოცემულობა ყველამ უნდა აღიაროს. ზეწოლის გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, თუკი ვინმე თავს იკავებს, ეს სიტუაციაც მალე გაქრება. ეს ზეწოლაც მალე მოიხსნება, მას შემდეგ, რაც ამერიკული პოლიტიკის გავლენა გაიზრდება მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ევროკავშირზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.