ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების“ მიწვევით, ეკა სეფაშვილმა სიტყვით მიმართა საერთაშორისო კონფერენციის „Make Europe Great Again“ მონაწილეებს
საერთაშორისო კონფერენციის „Make Europe Great Again“ (MEGA)-ს ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია და მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტის გარკვეული ჯგუფების მიერ ევროინტეგრაცია მუდმივად გამოიყენება, როგორც ბერკეტი საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის.
„უახლესი მაგალითი 2024 წლის 28 ნოემბერია, როდესაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე არ აწარმოებს. ეს ითქვა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ საპროტესტო აქციები, ყოველ ჯერზე როცა ევროსაბჭოს სხდომა გაიმართებოდა და დიდი ალბათობით ყოველ ჯერზე გადაწყვეტდა, რომ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს არ გახსნის, ვინაიდან ევროკომისიის მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება. ამასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებამ მრავალჯერ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ მომენტში დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს. დაფინანსებულმა და კარგად კოორდინირებულმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება აჩერებს ინტეგრაციის პროცესს, გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება და პროტესტი, რომელიც გადაიზარდა ძალადობრივ აქციებში და გაგრძელდა 5 დღე. გამოძიებამ, შესაბამისი მყარი მტკიცებულებების საფუძველზე, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორები და მონაწილეები დააკავა. ამასთან ერთად, პოლიტიკური პარტიების ოფისებიდან ამოიღეს პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“, ცეცხლსასროლი იარაღი და მრავალი სხვა აალებადი ნივთიერებები, რამაც რადიკალურად შეცვალა ძალადობრივი მიტინგის სახე და დღემდე დემონსტრაციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების თემაზეც, რადგან მას მოჰყვა მრავალი დეზინფორმაციული განცხადება, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები შეესაბამება კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. საბოლოო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ „ფართო არჩევანი“ და პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია“; კამპანია ჩატარდა მშვიდ გარემოში, ხოლო შენიშვნები „ძალადობის ცალკეულ ინციდენტებზე“ დაფიქსირდა ორივე მხრიდან, როგორც მმართველი ორგანოდან, მმართველი პარტია და ოპოზიცია. ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და მედია საშუალებების პოლიტიკურ მიკერძოებულობას ეხებოდა“, – აღნიშნა სეფაშვილმა.
გამოსვლის დასასრულს, ეკა სეფაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის 5 რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტებისა და უსამართლო მიდგომის ნათელი მაგალითია.
„რეზოლუციებში ევროპარლამენტარები მოუწოდებდნენ ევროკავშირს საქართველოს დასჯისკენ, უვიზო რეჟიმის შეჩერებისკენ, ქართველ პოლიტიკურ ლიდერების, მათ შორის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ. ამ რეზოლუციებით ჩვენგან ითხოვენ საქართველოს კანონის უზენაესობის დარღვევას და იმ კრიმინალების გათავისუფლებას, რომელთა დანაშაული დაამტკიცა როგორც საქართველოს სასამართლომ, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ. კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რითაც საბოლოოდ გავანადგურებდით არამარტო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, არამედ – ჩვენს ქვეყანასაც. მიუხედავად ამისა, საქართველო სტაბილურად აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას. წამყვანი და პრესტიჟული დასავლური ინსტიტუტების მიერ მომზადებული რეიტინგების მიხედვით, საქართველო უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ზოგიერთ წევრსაც კი ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ეფექტური სასამართლო სისტემა კორუფციის კონტროლი, სამოქალაქო უფლებები, სამართლიანი. არჩევნები, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ევროპულ ბიუროკრატიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება თანასწორობის საფუძველზე. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ისევე სჭირდება ევროპა, როგორც ევროპას საქართველო“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო კონფერენცია „Make Europe Great Again“ (MEGA) ბრიუსელში 28-29 იანვარს იმართება და მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ევროპის პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტები, აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.