თეა წულუკიანი: ასამბლეის თავმჯდომარესთან, ასევე ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო
“მე მქონდა შეხვედრა ასამბლეის თავმჯდომარესთან, ასევე ასამბლეის გენერალურ მდივანთან. ეს შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მას ლაიტმოტივად გასდევდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ცოდნა მასპინძლის მხრიდან, რაც არის საფუძველი, რომ შეხვედრამ ურთიერთგაგების მაღალი ხარისხით ჩაიაროს, ამიტომ მე მადლიერი ვარ ამისთვის”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ეცნოთ, ჩავარდა.
“ვისაუბრეთ იმ ცვლილებაზე, რომლებიც ქართულმა დელეგაციამ სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად, გუშინ დაარეგისტრირა და რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი უფლებამოსილებების რატიფიცირებას ყოველგვარი დათქმის გარეშე. თქვენ იცით, რომ გუშინ, მონიტორინგის კომიტეტზე ჩავარდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი უფლებამოსილებების უარყოფას და ოპოზიციას ეს გეგმა ჩაუვარდა. სამაგიეროდ კომიტეტმა დაამტკიცა ჩვენი უფლებამოსილებების რატიფიცირება დათქმებით. დათქმების სია არის საკმაოდ გრძელი და მათ შორის, ყველაზე პრობლემატურია პირველი დათქმა. კი ბატონო, რატიფიცირებული იქნება თქვენი უფლებამოსილებები, გცნობთ, როგორც წევრებს ჩვენი ასამბლეისა, მაგრამ გაატარეთ რეფორმები და მომდევნო თვეებში გამოაცხადეთ არჩევნები – რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია, მაგრამ კიდევ რჩება დრო დისკუსიებისთვის და ამ ეტაპზე, პროგნოზი მაინცდამაინც მარტივი არ არის. თუმცა ის, რაც ჩვენ უკვე ნამდვილად ხელთ გვაქვს და ამას წყალი არ გაუვა, არის ის, რომ ჩვენი უფლებამოსილებები იქნება ცნობილი. ამ დათქმებით, ნაკლები დათქმებით თუ დათქმების გარეშე, ეს გამოჩნდება სულ რამდენიმე საათში”, – განაცხადა წულუკიანმა.