„საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის რომ დავუჯეროთ, 2010 წელს უფრო მეტი დემოკრატია იყო საქართველოში, ვიდრე – დღეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა ჰერჩინკსი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს უფრო მეტი დემოკრატია იყო, ეს ძალიან დიდი ტყუილია, თანაც მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ტყუილია. შესაბამისად, საქართველოში ევროკავშირის ელჩი შეგნებულად იტყუება.
„იმ პერიოდში, ანუ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს, საქართველო პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო, პატიმრების სიკვდილიანობით კი – პირველ ადგილზე; ციხეში ადამიანების წამება ყოველდღიური პრაქტიკა იყო, ქუჩაში ადამიანების დახვრეტა – ჩვეულებრივი მოვლენა; სასამართლოებში, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 20 000-მდე სისხლის სამართლის საქმე იხილებოდა, სულ რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი დგებოდა ხოლმე, დაახლოებით 0.01% იყო გამამართლებელი საქმეები. საკუთრების უფლება უბრალოდ არ არსებობდა, ადამიანებს იჭერდნენ და ისინი მეორე დღეს მთელ თავიანთ ქონებას, საცხოვრებელი ბინის ჩათვლით, უფორმებდნენ ან სახელმწიფოს, ან ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულას“ დამაარსებლად წოდებულ დავით კეზერაშვილს. და ბატონი ჰერჩინსკი ამას უწოდებს დემოკრატიას?
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს სახალხო დამცველი ვიყავი, ყველა ელჩთან მქონდა ხშირი შეხვედრა და ღია და გულწრფელი საუბრები. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა ქვეყანაში. აშშ-ის ელჩის გარდა, პირად საუბრებში ყველა ელჩი ამბობდა, რომ ადამიანის უფლებების ისეთი კატასტროფული დარღვევები, რაც საქართველოში ხდებოდა, არ ხდებოდა მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში, რომელსაც ოდნავ მაინც პრეტენზია ჰქონდა ცივილიზებულობასა და დემოკრატიაზე. როცა მათ ვეკითხებოდი – რატომ არ ლაპარაკობდნენ ამის შესახებ ხმამაღლა, ისინი პირზე ხელს იფარებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს აკრძალული ჰქონდათ. ამ ფონზე კი, როცა ბატონი ჰერჩინკსი ამბობს, რომ იმ დროს უფრო მეტი დემოკრატია იყო, ვიდრე დღეს, ეს ძალიან დიდი ტყუილია, თანაც შეგნებული ტყუილი, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის.
ჰერჩინსკიმ ასევე თქვა, რომ „ხალხის ძალამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადეს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს მეორედ აღარ მიუბრუნდებოდნენ – დიახ, ასე იყო ნამდვილად, ოღონდ იმ პირობით, რომ დონორებისა და ენჯეოების მხრიდან ნებისმიერი დაფინანსება გამჭვირვალე გახდებოდა. სინამდვილეში კი ეს ასე არ მოხდა და სწორედ ევროკავშირის გრანტები იყო [და დარჩა კანონის გაწვევის შემდეგაც, პირობის მიუხედავად], ყველაზე გაუმჭვირვალე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.