leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე: საქართველოს დელეგაციის მანდატის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ახალი არჩევნების მოთხოვნა არის ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა და საფრთხე სუვერენიტეტისთვის

„საქართველოს დელეგაციის მანდატის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ახალი არჩევნების მოთხოვნა არის ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა და საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის უმრავლესობის მიერ გამოხატულ ნებას.

„დღეს ვდგავართ ისეთი სიტუაციის წინაშე, რომელიც არ შეესაბამება ევროპის საბჭოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ღირებულებებს. საქართველოს დელეგაციის მანდატის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ახალი არჩევნების მოთხოვნა არის ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა და საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის.

ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის უმრავლესობის მიერ გამოხატულ ნებას. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში იწონებს საარჩევნო ადმინისტრაციას, კარგად ორგანიზებული და სათანადოდ ადმინისტრირებული არჩევნებისთვის. სხვაობა გამარჯვებულ „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ პარტიას შორის 43 პროცენტია. ოპოზიციას 25 ათასი წევრი ჰყავდა საუბნო კომისიებში. მათმა უმრავლესობამ მოაწერა ხელი არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს. მხოლოდ 9 მათგანმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი. წინა არჩევნებთან შედარებით ორჯერ ნაკლები საჩივარი შეივსო. ელექტრონული მოწყობილობები იქნა გამოყენებული კენჭისყრისთვის ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტის მიერ. ამ ელექტრონულ მოწყობილობებს აუდიტი ჩაუტარა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ და მათ დასკვნაში ხაზი გაესვა, რომ ისინი შეუფერხებლად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებდნენ. ეს დასკვნები გამატკიცა გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებმა. სასამართლოში დაკითხვის დროს მოწმეთა უმრავლესობამ ვერ წარმოადგინა არჩევნების გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება. მათი არგუმენტები მხოლოდ მესამე მხარეთა მიერ მოწოდებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

ოპოზიცია ზედიზედ მეცხრედ არ აღირებს არჩევნების შედეგებს. ისინი პარლამენტში არ შედიან, თუმცა ოთხიდან სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო დაფინანსება სახელმწიფოს საფუძველზე, აღნიშნული დაფინანსება თვეში 120 000 ევროს შეადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უსამართლობა იქნება თუკი საქართველოს დელეგაციის მანდატის რატიფიცირება არ მოხდება, ან მოხდება მიუღებელი დათქმებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რომ ვითანამშრომლოთ ევროპის საბჭოსთან, საქართველოს პრემიერისა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შორის 2024 წლის დეკემბერში შემდგარი შეთანხმების საფუძველზე. ნებისმიერი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ მოხდეს მანდატის რატიფიცირება, იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და შეეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითად ღირებულებებს. შესაბამისად მოვუწოდებთ ასამბლეის ყველა წევრს, რომ არ დაუჭირონ მხარი რეზოლუციის პროექტს, რომელიც მონიტორინგის კომისიის მიერ არის წარმოდგენილი და მხარი დაუჭირონ ჩვენს შესწორებებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე იხილეთ