leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, დემონსტრაციულად ცდილობდა, დაეკნინებინა სახელმწიფო ინსტიტუტი

„მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიცია ქართველი ხალხის თვალში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტია და მზია ამაღლობელი დემონსტრაციულად ცდილობდა, დაეკნინებინა აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი.

„ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი, თქვენ იცით, როგორ დამთავრდა სააკაშვილის სცენარი თავის დროზე. შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ხან ასე, ხან ისე, მაგრამ სახელმწიფო ზრუნავდა, ბუნებრივია, მის ჯანმრთელობაზე, ისევე, როგორც ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც მზია ამაღლობელი სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს, შემდეგ მოხდა მისი დაკავება, შემდეგ პირობით გათავისუფლება და როგორც კი გარეთ გამოვიდა, პოლიციელს მან სახეში გაარტყა ხელი. ანუ მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია. როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც რაღაცას მოინანიებს, იქ შეიძლება ჰუმანურად ისაუბრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც აქტი მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნას ჩათვლილი. რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ, რომ ძალიან ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი, არ შეიძლება პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა, სახელმწიფოს წარმომადგენელს და თქვენ იცით, რომ პოლიცია ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი. სხვა არაფერს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“. ასეთ დროს გესაუბრებიან იმაზე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამის გამო უნდა გამოუშვა საპატიმროდან,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის მუდმივად აფიქსირებს მზადყოფნას დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თუნდაც მზია ამაღლობელის თემაზე.

„ჩვენ ყოველ ჯერზე, მუდმივად ვაფიქსირებთ მზადყოფნას დიალოგისთვის. ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა საჯაროდ თუ არასაჯაროდ, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, ხვალვე მზად ვარ, რომ შევხვდე და განვიხილო ეს საკითხი. გახსოვთ ალბათ, რომ მანამდე, სხვადასხვა დროს, ხან კანონთან დაკავშირებით, ხან არჩევნებთან დაკავშირებით, ხან ამ აქციებთან დაკავშირებით, ყოველ ჯერზე მე პირადად ვითხოვდი შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ფორმატში საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიას, ყველაფერზე ითქვა უარი. კონკრეტულ ადამიანებსაც შევთავაზე, მათ შორის, თქვენს ეთერშიც იყო თუ არ ვცდები, რომ შოთა არველაძე გამოვიდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ ელაპარაკებოდა საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს. პირადად მას შევთავაზე, წამოეყვანა ნებისმიერი ადამიანი, არათუ ასეთ განხილვაზე, დღეს საფეხბურთო სტადიონის საკითხს განვიხილავდი, მეტი რაზე უნდა მოხვიდე ხომ, თუ რაღაც კითხვა გაქვს, თუ რაღაც გაინტერესებს. იქაც კი არ მოვიდნენ, არათუ პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ. თუ ვინმე გაურბის დისკუსიას, ესენი არიან სწორედ პროტესტის მონაწილეები, იმიტომ რომ ზუსტად იციან, არ არიან მართლები, სიმართლე არ არის მათ მხარეს. უბრალოდ შთაბეჭდილი აქვთ ის, რომ უნდა იყვნენ „ნაცები“ და აპრიორი სწორხაზოვნად უნდა გაყვნენ იმ შეხედულებას, რაც აქვთ ჩამოყალიბებული. დისკუსიისთვის არ არიან მზად იმიტომ, რომ იციან, მათ მხარეს არ არის სიმართლე. ეს არის ერთადერთი მიზეზი. თუ ვინმეს უნდა საუბარი, ნებისმიერ ფორმატში, საჯაროდ თუ არასაჯაროდ, მოვიდნენ და ვისაუბროთ. განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი,“- აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ასევე იხილეთ