სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე გამართულ ორდღიან თემატურ ტრენინგს 60-ზე მეტი მონაწილე დაესწრო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე, ვაზის სხვლა-ფორმირების თეორიულ პრინციპებზე, გასხვლის ჩატარების წესებსა და ვადებზე ორდღიანი ტრეინინგი გაიმართა.
ტრენინგს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯამჯურიძე, ცენტრის მევენახე სპეციალისტები თეკლე ზაკალაშვილი და ჯაბა აბაიშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგის ფარგლებში, მევენახე-მეღვინე ფერმერებმა, ექსტენციის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა თეორიული და პრაქტიკული მიმართულების ცოდნა და რჩევები მიიღეს ვენახის გაშენების, სხვლა-ფორმირების, მერქნის ძირითადი დაავადებების, აგროტექნოლოგიური, ფიტოსანიტარიული და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე.
„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, რეგულარულად ტარდება თეორიული და პრაქტიკული ხასიათის თემატური სემინარ-ტრენინგები, სადემონსტრაციო დღეები. ასეთი ღონისძიებები ფერმერების, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას, ახალგაზრდა კადრების ცოდნის გაღრმავებას ემსახურება და მათ პროფესიული საქმიანობის უკეთ წარმართვას უწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან უჯამჯურიძემ.
ტრენინგის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ვენახის ნაკვეთში გადაინაცვლეს, ვაზის სხვადასხვა ფორმების სხვლის პროცესში ჩაერთვნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.