საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მინისტრის პირველ მოადგილეს შალვა ბედოიძეს, მოადგილეებს – იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძესა და გიორგი ბუთხუზს, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ.
ღირსების ორდენებით ასევე დაჯილდოვდნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი ,ასევე, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე.
მიხეილ ყაველაშვილმა დაჯილდოებულებს და თითოეულ პოლიციელს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძლიერი ქართული პოლიცია, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოა. გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში განუხრელად იქნება დაცული წესრიგი. გეცვას პოლიციელის ფორმა და ატარებდე მუნდირს მხოლოდ იმ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია ვინც მზადაა, დაუფიქრებლად გაწიროს, საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად. შეუფასებელია, თითოეული პოლიციელის მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლი.
თქვენი დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების კეთილ მომავალს.
თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას – დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იცავთ სამშობლოს სანუკვარ იდეას – რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ამიტომ მსურს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაგაჯილდოოთ. გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს მიღებული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს.
„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ დაფასებისთვის, სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის გადმოცემისთვის. მერწმუნეთ, ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან დიდი პატივია. არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა და არ აღვნიშნო თქვენი ყოველდღიური მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომელსაც თითოეული პოლიციელი, როგორც რიგითები, ასევე, ჩვენ – ხელმძღვანელი პირები ვხედავთ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ 24 საათის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გვერდში დგომისთვის.
და ბოლოს, მინდა მოგცეთ პირობა, რომ გადმოცემულ ღირსების ორდენებს, თითოეული ჩვენგანი მთელი ცხოვრება ღირსეულად ვატარებთ. დიდი მადლობა!“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.