“ერთი ხელით აღიარებენ ლეგიტიმაციას და არ აჩერებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის აკრედიტაციას, მეორე მხრივ, აკეთებენ დათქმებს, რომლებიც სრულიად მიუღებელი და საფუძველგამოცლილია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ამ შემთხვევაში საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, არის ყველაზე სწორი და მართალი გადაწყვეტილება.
ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ ქართველი თავმოყვარეობას არავის არ შეალახინებს.
“საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ერთი ხელით აღიარებენ იმ ყბადაღებულ თემას, რომელიც ჩვენს აგენტურულ ქსელს მუდამ დღის წესრიგში აქვს ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის თვალსაზრისით და ჩვენი ოპოზიციისთვის გარე ლეგიტიმაციაა მთავარი. ჩვენთვის კი შიგნით, ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის ლეგიტიმაციაა მთავარი. გავყვეთ მათ ლოგიკას – ერთი ხელით აღიარებენ ლეგიტიმაციას და არ აჩერებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის აკრედიტაციას, მეორე მხრივ, აკეთებენ დათქმებს. ისეთ დათქმებს, რომლებიც სრულიად მიუღებელი და საფუძველგამოცლილია. პირველ რიგში, ეს ქართული საზოგადოებისთვისაა შეურაცხმყოფელი, საზოგადოების იმ უმრავლესობის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მიანიჭა ქვეყნის მართვის მანდატი. ასევე არის ყველანაირი დემოკრატიული საფუძვლების შეურაცხყოფა და უპატივცემულობა.
ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი, ყველაზე მართალი, ყველაზე ამაყი და ყველაზე თავმოყვარე გადაწყვეტილებაა. მინდა, ვუთხრა ჩვენს მეგობრებს და იმ დიპლომატიურ მისიებს, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, რომ საქართველო თავმოყვარე ერია. ქართველები თავმოყვარე ხალხია და თავმოყვარეობაზე ქართველი უარს არასდროს იტყვის. ქართველი თავმოყვარეობას არავის არ შეალახინებს”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ამასთან, ირაკლი კირცხალიას განმარტებით, საქართველო ევროსაბჭოს წევრად რჩება.
“აქ საუბარია დელეგაციაზე. როგორც კი გამოვლენ იმ აღქმების თეორიიდან და გათავისუფლდება მთელი ეს ბიუროკრატია იმ ე.წ. უხილავი ხელისგან, რასაც ჩვენი მეგობრები „დიფ სთეითს“ უწოდებენ, ყველაფერი ჩადგება დემოკრატიულ, სამართლიან და ობიექტურ კალაპოტში, რასაც 2022 წლამდე ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ვხედავდით. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, როგორ უნდა დააზიანოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ნებისმიერმა ასეთმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ემსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობის გამყარებას, ერის თავმოყვარეობას, ეროვნულ პრინციპებს და სუვერენიტეტს, ჩემთვის გაუგებარია. პირიქით, ეს თავმოყვარე ერის და მისი წარმომადგენლების პოზიციაა.
რაც შეეხება ოპოზიციას და მათ ქმედებებს, რომ იყვნენ იქ მივლენილი, კორიდორ-კორიდორ და კაბინეტ-კაბინეტ ატუზულები რომ დარბოდნენ თავის უკრაინელ კოლეგებთან ერთად, ისინი საცოდავ დღეში არიან. ჩვენი ოპოზიციის როლი, როგორც ყოველთვის, დესტრუქციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი სულისკვეთებით იყო შეპყრობილი. ისინი ამას ყოველ დღე, ყოველ ადგილზე და ყოველ შემთხვევაზე ამტკიცებენ, სადაც ამის შანსი მიეცემათ”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.