leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა

თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველ წელს, იანვარში თბილისის სატელევიზიო ანძას ზურმუხტისფრად ვანათებთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარებისკენ, ჩვენ კი მათ გაუმჯობესებული სერვისებით ველოდებით. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი შეიცვალა და PAP ტესტირებიდან, გადავიდა HPV ტესტირებაზე. ეს მეთოდი კიდევ უფრო მეტი ქალის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.

თბილისის სატელევიზიო ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

აღსანიშნავია, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. კვლევებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 20 35 35.

ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.

ასევე იხილეთ