შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე: როდესაც ელჩები ზრუნავენ იმაზე, მათ მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენელი იყოს თუ არ იყოს წინასწარ პატიმრობაში, ამავე დროს, ერთ წინადადებას როგორ არ ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ
„ეს გახლავთ მართლმსაჯულების საკითხი, ეს არ არის პოლიტიკური ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხი. მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა. თუკი ვინმეს აქვს რაიმე საფუძვლები თუ მიზეზები, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს მართლმსაჯულების და არა პოლიტიკურ ნაწილში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას.
„როდესაც ევროკავშირის საელჩო თუ სხვა ელჩები ზრუნავენ იმაზე, რომ მათ მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენელი იყოს თუ არ იყოს წინასწარ პატიმრობაში, ამავე დროს, ერთ წინადადებას როგორ არ ამბობენ, რომ ისინი ძალადობას გმობენ?! რა გახდა ასეთი განსაკუთრებული, რომ არ უნდათ დაგმონ ძალადობა. ეს ხომ მათი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი კონტრაქტორი ორგანიზაცია, მისი წარმომადგენელი ძალადობს პოლიციელზე, თუკი გინდა გამოხატო პრეტენზია, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება იყოს ლმობიერი, იმ პასუხისმგებლობას რატომ არ გრძნობ, რომ შენი ფულით დაფინანსებული ადამიანი იმ ქვეყანაში, სადაც შენ სტუმარი ხარ, თავს დაესხა პოლიციას. ამაზე პასუხსიმგებლობას რატომ არ იზიარებენ“?!, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.