ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ომის პირველივე დღეებიდან იმეორებენ ტექსტებს, რასაც უკრაინის მაღალჩინოსნები ამბობდნენ საქართველოსთან მიმართებაში
“უკრაინა ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩვენს ხელისუფლებას ემტერება, რადგან არ შევქმენით საფუძველი და მიზეზები იმის, რომ რუსეთს საქართველოსთან კვლავ ომის ცხელი ფაზა დაეწყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, ოპოზიცია, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, იყო თანაავტორი იმ სრულიად სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციის, რომელსაც ფაქტობრივად, ხმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთმა მესამედმა მისცა.
მისივე თქმით, ოპოზიციის თანამშრომლობა ევროპის საბჭოში უკრაინის დელეგაციასთან გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ომის პირველივე დღეებიდან იმეორებენ იმ ტექსტებს, რასაც უკრაინის მაღალჩინოსნები ამბობდნენ საქართველოსთან მიმართებაში.
“უკრაინა ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩვენს ხელისუფლებას ემტერება სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მათი მოთხოვნები. არ გავაგზავნეთ მოხალისეები, არ დავაწესეთ ორმხრივი სანქციები, არ ჩავკეტეთ ცა და არ შევქმენით საფუძველი და მიზეზები იმის, რომ რუსეთს საქართველოსთან კვლავ ომის ცხელი ფაზა დაეწყო. აქედან გამომდინარე, ისინი დიდი ხანია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ხელისუფლება. ისინი არც ომამდე გამოირჩეოდნენ ჩვენი სიყვარულით და პატივისცემით. „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ყველა კრიმინალი ვინც გაიქცა და თავი შეაფარა უკრაინას, მაღალ თანამდებობებზე არიან; ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, საყვარელიძე და სხვები. რა თქმა უნდა, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის ამოცანაც არის, ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანა ჩათრეული იყოს რუსეთ-უკრაინის ომში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის თანამშრომლობა უკრაინის დელეგაციასთან გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი-ერთში იმეორებენ ომის პირველივე დღეებიდან იმ ტექსტებს, რასაც უკრაინის მაღალჩინოსნები ამბობდნენ საქართველოსთან მიმართებაში. ისინი მოითხოვდნენ ცეცხლს ქვეყანაში, ბომბების ჩამოვარდნას და ა.შ. თურმე სირცხვილი ყოფილა, რომ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ და დღეს საქართველოში არ ხდება ის, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება უკვე მესამე წელია”,– განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, უკრაინას და აგრძელებს ცალმხრივ რეჟიმში მეგობრობას.
„უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება ცნობილია, მათი ელჩის გაწვევა და ჩვენი ელჩის, ფაქტობრივად, გამოძევება, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, უკრაინას და ვაგრძელებთ ცალმხრივ რეჟიმში მეგობრობას და დარწმუნებული ვართ, როგორც კი ომი დასრულება, ჩვენ იმ ურთიერთობებს გავაგრძელებთ. ოპოზიცია, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, იყო თანაავტორი იმ სრულიად სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციის, რომელსაც ფაქტობრივად, ხმა ერთმა მესამედმა მისცა, მათ შორის, აქტიურობდნენ ის სახელმწიფოები და პოლიტიკოსები, რომლებიც ისედაც საქართველოს მტრებად და “ნაციონალური მოძრაობის” მეგობრებად მოიაზრებიან. რაც შეეხება იზოლაციაში მოქცევას, ამას სწორედ ოპოზიცია ცდილობს. ცდილობს 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. სამ თვეზე მეტი გავიდა და მათ არჩევნების გაყალბების საკითხზე ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს ვერც პროკურატურაში და ვერც ქვეყნის გარეთ.
დიახ, მათ არც დაუმალავთ, რომ ისინი ცდილობენ ხელისუფლების და აქედან გამომდინარე, საქართველოს იზოლაციაში მოქცევას, თუმცა მათი ეს გეგმაც ჩავარდება ისევე, როგორც ევროსაბჭოში ჩავარდა, ჩავარდება ნებისმიერი მიმართულებით. პრემიერს, მინისტრებსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც უკვე ჰქონდათ არაერთი ვიზიტი და მომავალში არაერთი ვიზიტი დაიგეგმება, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. გეგმა, რაც ოპოზიციას აქვს, ქვეყანაში არეულობის, ქაოსის და საგარეო მიმართულებით ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის არ და ვერ შესრულდება“, – განაცხადა ბოჟაძემ.