ვახტანგ ცინცაძე: 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
„უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პარამეტრები – გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5 % შეადგინა. აღნიშნული ზრდა, რომელიც ბოლო ოთხი წელიწადში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, უპრეცედენტოდ მაღალია – ჯამურად, საშუალოდ ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა 9.7%-ით იზრდებოდა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს გაუტოლდა. ამასთან, დეკემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,045 ერთეულს გაუტოლდა, რაც 16.7%-ით აღემატება წინა წლის დეკემბრის მონაცემს.
გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამებისას ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთებს იმ დარგებზე, რომლებმაც ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათ შორისაა – მშენებლობის, ვაჭრობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვადასხვა მომსახურების სექტორები. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც ტურიზმის, ისე საქონლის ექსპორტის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა და 549.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან შემოსავლები კი 2024 წლის მეოთხე კვარტალში 10.3%-ით გაიზარდა და 963.7 მლნ დოლარს გაუტოლდა.
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ, ჯამში, 2024 წელს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ლიდერი როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რაც ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერია. ასევე გრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის პროდუქტიულობისა და ზოგადად, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის, 5.2%-ის ოდენობით.