„ჩემს ქვეყანას უარესი პერიოდი ჰქონია – ძალიან რთული პერიოდები და ქარტეხილები გადაგვივლია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ღირსეულად დამთავრდება, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს უნდა”, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, რეჟისორმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელმაც საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
პროტესტში ჩართულ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებზე საუბრისას, სიხარულიძემ ხაზი გაუსვა ადამიანებს შორის პოზიციების დაახლოების აუცილებლობას, რაც შესაძლებელია, თუკი მეორე მხრიდანაც იქნება მოსმენის სურვილი და არა „იარლიყებით საუბარი“.
„სულ მქონდა იმის იმედი, რომ ეს რესურსი ამოწურული არ არის და შესაძლებლობა არსებობს ურთიერთობის, დიალოგის და რაღაც თემების განხილვის. თუმცა, ძალიან რთულია, როდესაც მეორე მხარე არ გისმენს და იარლიყებით გესაუბრება, რომ თუ შენ მათთვის მოსაწონ აზრს არ ამბობ, არ აფიქსირებ იმას, რაც მათ სურს, ეგრევე იარლიყი გაქვს, რომ ხარ რუსეთუმე, რუსეთის აგენტი. შესაბამისად, ძალიან რთულია, ასეთ ხალხთან დიალოგში შეხვიდე. ჩემდა სამწუხაროდ, ახლა მე რესურსს ვერ ვხედავ, რომ ამ ხალხთან მოლაპარაკება შეიძლება შედგეს. თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს გონიერების, ღვთის შეწევნის. ჩემს ქვეყანას უარესი პერიოდი ჰქონია – ძალიან რთული პერიოდები და ქარტეხილები გადაგვივლია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ღირსეულად დამთავრდება, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს უნდა“, – განაცხადა გიორგი სიხარულიძე.