უკრაინა F-16 ავიაგამანადგურებლების მორიგი პარტიის გადაცემას 2025 წელს ელის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ რუბენ ბრეკელმანსთან ჰააგაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იუწყება Unian.
„ნიდერლანდები უკრაინის მხარდამჭერ ლიდერებს შორისაა და მათი დახმარება 2024 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. უკვე არსებობს შეთანხმებები 2025 წლისთვის. მთავარი პრიორიტეტი F-16-ების პროგრამაა. თვითმფრინავების მომდევნო პარტიის გადაცემას 2025 წელს ველოდებით. ვაგრძელებთ პილოტების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადებას“, – აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.
მისი თქმით, ნიდერლანდები მთავარ როლს ასრულებს საჰაერო ძალების კოალიციაში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის საავიაციო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებას.
„მეორე პრიორიტეტია დრონები. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ადრე გამოცხადებული 400 მილიონი ევროს განაწილებას, ასევე, შორი დიაპაზონის შესაძლებლობების შესახებ ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროექტების მომზადებას. დღის წესრიგშია ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვა და ჩამჭრელი რაკეტები“, – აღნიშნა უმეროვმა.
მან დასძინა, რომ ნიდერლანდებს ნათლად ესმის უკრაინის საჭიროებები და დასახმარებლად მზადაა. უმეროვმა შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უწოდა ერთობლივი თავდაცვის საწარმოების განვითარებას, რაც გააძლიერებს ორივე არმიის შესაძლებლობებს:
„ჩვენ გვაქვს სინქრონიზებული გეგმები დახმარების მიწოდების, ბრძოლის ველზე მისი ეფექტური გამოყენებისა და ოპერაციების მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან ერთად სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.