ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა შესაძლოა, ისევ შეუტიოს უკრაინას, ან ბალტიისპირეთის ქვეყნებზე მიიტანოს იერიში
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება კიევის სრული ჩართულობით და რეგიონის ქვეყნების თავდაცვის ხარჯების გაზრდით უნდა მოხდეს, რათა რუსეთის შემდგომი აგრესია თავიდან აიცილონ. ამის შესახებ მან სააგენტო AP-თან ინტერვიუში განაცხადა.
ნაუსედას თქმით, ადეკვატური შემაკავებელი ზომების გარეშე მიღწეული შეთანხმება საშუალებას მისცემს რუსეთს, გააერთიანოს თავისი ძალები და რეგიონში შემდგომი აგრესიისთვის მოემზადოს.
მისი აზრით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგაც კი არ შეიძლება დაიჯერონ, რომ რუსეთის განზრახვა უბრალოდ გაჩერება და არაფრის გაკეთება იქნება.
„ისინი იყენებენ ამ შესვენებას კონსოლიდაციისთვის, სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და მომავალში ხელახლა დარტყმისთვის. შემდგომ კი მთავარი კითხვაა, რა იქნება რუსეთის შემდეგი სამიზნე? შესაძლოა, უკრაინა, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნები“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ნაუსედას თქმით, ლიეტუვის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც დასავლეთით რუსეთის კალინინგრადის ექსკლავს და აღმოსავლეთით ბელარუსს ესაზღვრება, მას დაუცველს ხდის კრემლის მიერ წამოწყებული პოტენციური, უფრო ფართო კონფლიქტის მიმართ ომის საბოლოოდ დასრულების შემდეგაც კი.
„მსოფლიოს ამ ნაწილში თავს უსაფრთხოდ ვერასოდეს იგრძნობთ, რადგან ჩვენ გვყავს ეს მეზობელი, რომელიც ჩვენთან იქნება ასი, ან ორასი წლის შემდეგაც. თქვენ ყოველთვის გემუქრებათ საფრთხე აღმოსავლეთიდან, ეს უნდა იცოდეთ და უნდა მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა თავდასხმა თავიდან აიცილოთ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ ეს „არ არის კონფლიქტი ცალკეულ ქვეყნებს შორის“, არამედ კრემლის მეთაურის ვლადიმერ პუტინის მიერ ნატოს გამოწვევაა.