leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან მოკლე პროგრამაში 68,99 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში – 129,62. სპორტსმენმა ორი პროგრამის შედეგად 198,61 ქულა დააგროვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. გუშინ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 191,88 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

2023 წელს ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ის ქართული ციგურაობის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა, შარშან კი კონტინენტის პირველობაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღეს დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმული ცეკვების პროგრამაში 73,82 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მეათე ადგილით დაასრულა. თავისუფალი ცეკვების პროგრამით ისინი ყინულზე 1 თებერვალს გამოვლენ. ასევე 1 თებერვალს იასპარეზებს ნიკა ეგაძე, რომელმაც მოკლე პორგრამაში მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იხილეთ