დავით მათიკაშვილმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ისაუბრა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს იყო სრულიად გაუგებარი და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია.
“ერთადერთი, სწორი პოზიცია, რომელიც შეიძლება, ყოფილიყო საქართველოს მხრიდან, იყო იარის თქმა ამ ფორმატში მონაწილეობაზე. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ევროსაბჭოში საქართველო, როგორც წევრი სახელმწიფო, აგრძელებს თავის მოღვაწეობას და მაშინვე, როგორც კი შეიცვლება, ეს აბსურდული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს დელეგაცია გააგრძელებს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.