leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონალდ ტრამპი: გზავნილი “ისლამური სახელმწიფოსა” და ყველასთვის, ვინც თავს დაესხმება ამერიკელებს, არის ის, რომ ჩვენ გიპოვით და მოგკლავთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სომალიში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელების განკარგულება გასცა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა.

მისი თქმით, სომალიში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების დამგეგმავი პირისა და დაჯგუფების სხვა ტერორისტების წინააღმდეგ ზუსტი საჰაერო დარტყმების განხორციელების განკარგულება დილის საათებში გასცა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს არის გზავნილი ყველასთვის, ვინც თავს დაესხმება ამერიკელებს, რომ “ჩვენ გიპოვით და მოგკლავთ”.

“ეს მკვლელები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ გამოქვაბულებში დამალულები, ემუქრებოდნენ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს. დარტყმების შედეგად განადგურდა გამოქვაბულები, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ და მოკლულია მრავალი ტერორისტი, სამოქალაქო პირებისთვის რამე ზიანის მიყენების გარეშე. ჩვენს სამხედროებს წლების განმავლობაში სამიზნეში ჰყავდათ “ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმების დამგეგმავი, თუმცა ბაიდენი და მისი მეგობრები არ მოქმედებდნენ საკმარისად სწრაფად, რომ დაესრულებინათ ეს საქმე. მე ეს შევასრულე! გზავნილი „ისლამური სახელმწიფოსა“ და ყველასთვის, ვინც თავს დაესხმება ამერიკელებს, არის ის, რომ ჩვენ გიპოვით და მოგკლავთ!”, – წერს დონალდ ტრამპი.

ამასთან, როგორც თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, იერიშები განხორციელდა გოლისის მთებში. ჰეგსეთის ცნობით, წინასწარი შეფასება მიანიშნებს, რომ ლიკვიდირებულია რამდენიმე მებრძოლი.

როგორც თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, საჰაერო დარტყმებმა შეამცირა „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლებლობა, დაგეგმოს და განახორციელოს ტერორისტული თავდასხმები, რომლებიც აშშ-ის, მის პარტნიორებს და უდანაშაულო მოქალაქეებს ემუქრებოდა.

“ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ აშშ-ი მზად არის, იპოვოს და გაანადგუროს ტერორისტები, რომლებიც ემუქრებიან აშშ-ს და ჩვენს მოკავშირეებს”, – აღნიშნულია ჰეგსეთის განცხადებაში.

ასევე იხილეთ