leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ჩვენ ვიღებდით „გამჭვირვალობის კანონს“, რომელიც არაფერს ზღუდავდა, მაშინ „ენჯეოები“ აპროტესტებდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. ახლა, როდესაც მათივე დონორი სახელმწიფო მათ დაფინანსებას ხურავს, ამაზე სდუმან

„სიტუაციის მთელი პარადოქსი იმაშია, რომ როდესაც ჩვენ ვიღებდით „გამჭვირვალობის კანონს“, რომელიც არაფერს არ ზღუდავდა, ერთადერთი ამბობდა, რომ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, მაშინ ენჯეოები აპროტესტებდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ თითქოს ხელისუფლებას სურდა მათი დახურვა, არა და უბრალოდ გამჭვირვალობაზე იყო საუბარი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა USAID-ის დაფინანსების შეჩერებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ახლა, როდესაც მათივე დონორი სახელმწიფო მათ დაფინანსებას ხურავს, ამაზე სდუმან. რატომ არ ჩატარდა არც ერთი მიტინგი ან აქცია ამერიკის საელჩოსთან ამ ენჯეოების მხრიდან? თქვან, რომ არ შეიძლება დაფინანსების შეწყვეტით დახურონ ეს ორგანიზაციები. რატომ არ გვინახავს არც ერთი პროტესტის განცხადება, ერთი საყვედურიც კი არ მოგვისმენია ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან? იმიტომ, რომ ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში არასდროს არ ყოფილან ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, ისინი არიან კონტრაქტორი ორგანიზაციები და როგორც ნებისმიერი კონტრაქტორი ორგანიზაცია, ფრთხილობს, რომ მისმა დამფინანსებელმა შემდეგ აზრი არ შეიცვალოს მასთან დაკავშირებით და ცუდი თავლით არ შეხედოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა 2020 წელის არჩევნებზე გაყალბებულ პარალელური დათვლის შედეგებსა და ამ საქმეში USAID- ის ჩართულობაზე.

„მე ვისურვებდი, რომ USAID- ის დაფინანსებასთან ერთად ასევე მოხდეს გამოძიება USAID- ის საქმიანობისა და კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში იყო ჩართული არა მხოლოდ ISFED-ი, არამედ მისი დამფინანსებელი USAID-ი, მისი ადგილობრივი ხელმძღვანელობა. ჩვენ შემდეგ გავიგეთ, რომ ამერიკულმა ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ის რიცხვები, რასაც ავრცელებდა ISFED-ი, იყო ყალბი და მიუხედავად ამისა, არა თუ არ შეგვატყობინა ხელისუფლებას ან საზოგადოებას, არამედ ჩვენ პირად შეხვედრებშიც გვატყუებდა, რომ ეს მონაცემები იყო სწორი.

მე პირადად მაშინ მქონდა შეხვედრა USAID- ის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და ამ შეხვედრაზე იმ ადამიანმა, ამერიკელმა ხელმძღვანელმა, რომელზეც შემდეგ გაირკვა, რომ იცოდა რომ ეს იყო ყალბი შედეგები, ჩვენ პირდაპირ თვალებში გვიყურებდა და გვატყუებდა, რომ ყველაფერი იყო სწორი. რა თქმა უნდა ამ დროს გვატყუებდა არა იმიტომ, რომ უბრალოდ არ უნდოდა დარტყმის ქვეშ მოქცეულიყო ISFED-ი, არამედ ამის უკან იდგა კონკრეტული მიზანი, რომ ამ რიცხვებით მოეხდინათ ქართველი ხალხის აზრის მანიპულირება და შემდეგ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა.

ჩემი მოლოდინია, რომ ეს მაშინდელი სკანდალი გამოიძიონ და დადგინდეს რა მზადდებოდა მაშინ, ვინაიდან ის, რაც იცოდა USAID- მა ჩვენ შეგვიძლია თითქმის 100% -იანი დამაჯერებლობით ვიგულისხმოთ, რომ ეს ასევე იცოდა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ვინაიდან USAID- იც საელჩოს ტერიტორიაზეა და ასევე არის სახელმწიფო სააგენტო. წარმოუდგენელია, რომ ელჩს არ სცოდნოდა იგივე, არც იცოდა USAID- ის ხელმძღვანელობამ საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ მაშინდელი ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი პოზიციონირებდა, როგორც მედიატორი და შუამავალი. რა თქმა უნდა თუკი დადასტურდა, რომ მან იცოდა და მალავდა ამ ფაქტს, ეს უკვე აბსოლუტურად სხვა დასკვნებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ