გივი მიქანაძე: მძიმე გარემო დაგვხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ჩვენს მოსახლეობაზე იყო გაბრაზებული, თუ რატომ დაუჭირა ჩვენმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ მხარი
„საკმაოდ მძიმე გარემო დაგვხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რაც განპირობებული იყო ცალსახად იმით, რომ ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ჩვენს მოსახლეობაზე იყო გაბრაზებული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუ რატომ დაუჭირა ჩვენმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ მხარი”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მარტივი შეკითხვები, რომ თქვენ რაიმე პრობლემა დააფიქსირეთ არჩევნებთან დაკავშირებით? რაიმე გაყალბებას ან მნიშვნელოვან ხარვეზებს ჰქონდა ადგილი? პასუხი იყო, როგორც პირად საუბრებში, ასევე გამოსვლებმაც დაადასტურეს არაერთგზის, გნებავთ საკომიტეტო მოსმენაზე, გნებავთ ასამბლეის დროს, რომ არჩევნების დღეს, არჩევნებთან დაკავშირებით მათ არანაირი კითხვის ნიშნები არ ჰქონიათ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.