შოთა ბერეკაშვილი: საერთაშორისო მედიამ ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია პრემიერის ვიზიტს ემირატებში და ისეთმა მნიშვნელოვანმა საინფორმაციო პორტალმა, როგორიც არის ბლუმბერგი, ვრცელი სტატია მიუძღვნა პრემიერის ვიზიტს და ამ ინვესტიციას
„როდესაც ქვეყანა ასეთი სიდიდის ინვესტიციას ახორციელებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას საქართველოს მიმართ ძალიან დადებითი განწყობა აქვს, ასევე დადებითი განწყობა აქვს ბიზნესის განვითარების კუთხით და მომავალში ქვეყნის განვითარებას უყურებს”, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა 6-მილიარდიან ინვესტიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მეორე მხრივ, როდესაც ასეთი ქვეყანა, როგორიც არის არაბეთის გაერთიანებული ემირატები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო ასპარეზზე, 6-მილიარდიანი ინვესტიციით შემოდის, ჩვენ შეგვიძლია, ეს აღვიქვათ როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია, რომ ქვეყანას, სადაც 6 მილიარდს დებს, შეუძლია თავისი ინვესტიციების დაცვა.
როდესაც ასეთი ნაბიჯი გადადგა არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძირფესვიანად შეისწავლა საქართველო და საქართველოში როგორც ბიზნესგარემო, ასევე საქართველოს განვითარების პერსპექტივა. როდესაც 6 მილიარდის ინვესტიციას ახორციელებ, ყველა ბიზნესს აქვს იმისი განცდა, რომ მოგებას დააგენერირებს, სწორედ ასეთი მნიშვნელობის ამბავთან გვაქვს ჩვენ საქმე.
რაც შეეხება იმას, რეალურია თუ არა [აღნიშნული ინვესტიცია], ბატონ პრემიერ-მინისტრს უმაღლეს დონეზე ჰქონდა შეხვედრები, ემირატების პრეზიდენტთან და იქ გაფორმდა შეთანხმება, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა, რომ 6 მილიარდის პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდებოდა. მეორეს მხრის იდენტიფიცირებულია ტერიტორიები და ადგილები, სადაც ეს პროექტები განხორციელდება.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო მედიამ ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია პრემიერის ვიზიტს ემირატებში და ისეთმა მნიშვნელოვანმა საინფორმაციო პორტალმა, როგორიც არის „ბლუმბერგი“, ვრცელი სტატია მიუძღვნა ბატონი პრემიერის ვიზიტს და ამ ინვესტიციას. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სერიოზულ ინვესტიციებთან, ქვეყნის სერიოზული განვითარების პერსპექტივასთან გვაქვს საქმე და პოზიცია ხარ თუ ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის უსაფრთხოებას, აქ არ არსებობს მხარე. ყველასთვის ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება, ჩქარი ტემპებით მოხდეს აღნიშნული პროექტის მატერიალიზება“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.