სოსო გიორგაძე: ოპოზიციამ ვერ შეიგნო, რომ მარცხის არ აღიარება, ეს არის პირველი ნაბიჯი შემდგომი მარცხისკენ
„ოპოზიციამ ვერ შეიგნო, რომ მარცხის არ აღიარება, ეს არის პირველი ნაბიჯი შემდგომი მარცხისკენ”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ.
„არჩევნების შემდეგ ამბობენ, რომ გაყალბდა და სიმართლის არაღიარებით, უკვე მიდიან დამარცხებისკენ. ოპოზიცია ერთგვარად გადაიქცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულად, რომელიც რაც უფრო მეტს აგებს, უფრო დამოკიდებული ხდება, უფრო მეტი რამ გააქვს ქვეყნიდან, უფრო მეტად ყიდის. რა აქვს გასაყიდი? – რაც დარჩათ სამშობლო და ამასაც ჰყიდიან. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებივით იქცევიან, რომლებიც თავიან თავს პოლიტიკოსებს ეძახიან და მიდიან იმ შედეგამდე, სადაც დღეს არიან. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ სიმართლე მაინც იმარჯვებს.
ჩვენ ვიცით, რომ ძალა აღმართს ხნავს, ეს ქართველმა კაცმა ძალიან დიდი ხნის წინ იცოდა. შემდეგ მე-20 საუკუნის დასაწყისში გავიგეთ, რომ მარტო აღმართს კი არ ხნავს, თურმე სივრცესაც და დროსაც ამრუდებს, მაგრამ არის ერთი რამ, რომელზეც დროც კი ვერ მოქმედებს და ძალაც ვერ მოქმედებს. ეს არის სიმართლე და ამის მარტივი დადასტურება არის ის, რომ აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა დაადასტურა ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება და ობიექტური მედია დიდი ხანია ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში უცხოეური დაფინანსებით ქართული ოპოზიციისა და „ენჯეოების“ გამოყენებით ხდებოდა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილებისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ჩვენდა საბედნიეროდ, ქართველი ხალხის, ობიექტური მეიდის ძალისხმევითა და მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების პარტნიორების დახმარებით, ჩვენ დღეს განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ“, – განაცხადა გიორგაძემ.