leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მუმბაის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  საქართველო  „OTM 2025“-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდითაა წარდგა.  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45 კერძო კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. „OTM 2025“-ის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა ინდოეთის უმსხვილეს ტურისტულ სააგენტოებთან, კომპანიებთან, პლატფორმებთან და მედია ორგანიზაციებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით.

„ინდოეთში, „OTM 2025“-ის გამოფენაზე, ჩვენ წარმოდგენილები ვართ ეროვნული სტენდით, 45 ქართული კომპანია გვყავს ჩამოყვანილი.  კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიზნესკავშირებს ამყარებენ ინდოელ კოლეგებთან, რომ ერთობლივი მუშაობით რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ჩვენ 3 დღის განმავლობაში აქტიური მუშაობა გვაქვს, რომ სტუმრებს გავაცნოთ საქართველო“, -განაცხადა მაია ომიაძემ.

გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებები გამართეს ინდოეთის ტურისტულ კომპანიებთან.

„მუმბაის გამოფენაში მონაწილეობამ საშუალება მოგვცა კავშირები დაგვემყარებინა ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან, გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა. საქართველოთი ძალიან დაინტერესებულები არიან.  ვფიქრობთ შედეგის მომტანი იქნება, რადგან უკვე ადგილზეც რამდენიმე შეკითხვა აქვთ რეალური თარიღების და აინტერესებთ კიდევ  სხვადასხვა სახის პროგრამები, ტურები რომ რეკლამა გაუწიონ საქართველოს ბაზარს“, -განაცხადა „Georgia adventure“-ის წარმომადგენელმა ლუკა გორგილაძემ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდოეთის ბაზარი, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარია საქართველოსთვის.  ამ გამოფენამ მოგვიტანა ახალი შესაძლებლობები, უფრო მეტი კონტაქტი შევიძინეთ, იმედია, სამომავლოდ უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება ინდოეთიდან საქართველოში“, – ამბობს „Silk Hospitality“-ის წარმომადგენელი სოფია კორძაძე.

„OTM 2025“-ზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

 

ასევე იხილეთ