ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ხალხი ათწლეულებით უსწრებს მთელ მსოფლიოს – მათ შორის აშშ-სა და ევროპას – დრონების ტექნოლოგიით და სხვა ინოვაციებით
„ვისურვებდი, რომ მარკო რუბიო უკრაინაში ჩამოვიდეს. ვფიქრობ, მან ნამდვილად უნდა ნახოს, რა გააკეთა რუსეთმა. მან განაცხადა რომ ომმა უკრაინა ასი წლით უკან დააბრუნა. ვფიქრობ, ეს განცხადება კითხვებს აჩენს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა დააზიანა უკრაინის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც აღდგენის შემდეგაც კი ვერ დაიბრუნებს პირვანდელ სახეს, თუმცა, ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინელი ხალხი მთელ მსოფლიოს, მათ შორის, ამერიკას, უსწრებს დრონების ტექნოლოგიით და სხვა სახის ინოვაციებით.
„დიახ, რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა დააზიანა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და ის აღარასოდეს იქნება იგივე. ყველაფერი ხელახლა აშენდება, მაგრამ თავდაპირველი სახე არ ექნება. რუსეთმა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მათ შორის – ფინანსურიც. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენი ხალხი ათწლეულებით უსწრებს მთელ მსოფლიოს – მათ შორის აშშ-სა და ევროპას – დრონების ტექნოლოგიით და სხვა ინოვაციებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.