„კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა“.
„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მასშტაბით განსახილველი საკითხები. ძალიან სერიოზული და საკმაოდ დაძაბული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც გზაგასაყარზე მდგომი მსოფლიოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. არასდროს არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ საქართველოში იქნება გარკვეული გამოძახილი მსოფლიოს დონის დაპირისპირებებიდან, რომელსაც ახლა ვხედავთ. თუნდაც აშშ-ში, სადაც სახელმწიფოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებთან დაპირისპირებულები რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ და გზების გადაკეტვაც მოინდომეს. ამ პროცესებთან მიმართებაში, რაც საქართველოში ხდება, ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს, რათა დესტაბილიზაციას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი იყოს შენარჩუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები ეკონომიკას, ტურიზმს და ეროვნულ ვალუტას შეექმნა. ეს არ უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება, უარყოფითი ტენდენციების გაგრძელება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მაჩვენებლით წინაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.
კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა. თავდასხმა პოლიციელზე და სახელმწიფო შენობებზე საკმაოდ სერიოზულად ისჯება როგორც ევროპის სივრცეში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. საქართველოშიც საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, რათა ნაკლები რესურსის მქონე ქვეყანას არ მიადგეს სერიოზული ზარალი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.