leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეიმურაზ ქორიძე: საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ქუჩაში გამოდის სახელმწიფო გადატრიალების მოთხოვნით, ქვებს ისვრის, უშვერი სიტყვებით ბილწსიტყვაობს, არის ბრბო…

პროფესორი და მედიაექსპერტი თეიმურაზ ქორიძე გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებულ, პოეტ ბელა შალვაშვილის ლექსს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„პოლიტიკა და პოეტიკა

ახალი და უცნაური არაფერია –  ცივილიზებული სამყარო მუდამ ცდილობდა და ცდილობს მხატვრული ლიტერატურის სათავისოდ გამოყენებას. საქართველო არ ყოფილა და არ არის გამონაკლისი. სხვას რომ თავი დავანებოთ, ამის მაგალითად მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი შედევრი, „ვეფხისტყაოსანი“ გამოდგება.

ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ნებისმიერი მხატვრული ქმნილების შესაფასებლად მნიშვნელოვანია არა შემკვეთი (ფარაონი, იმპერატორი, მეფე, პრეზიდენტი, პრემიერი, ცეკას მდივანი…), არამედ შესრულებული ნამუშევრის ხარისხი. ანუ შეკვეთილი ნამუშევრებიდან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოეტური ნაწარმოებებიდან) ისტორიას, შთამომავლობას რჩება მხოლოდ საუკეთესო. საშუალო და მდარე ხარისხისა კი ძალიან მალე უკვალოდ ქრება.

ამის კლასიკური მაგალითია ჯერ კიდევ 1917 წლის მარტში დაწერილი, სავარაუდოდ, რუსეთის თებერვლის რევოლუციისადმი მიძღვნილი დიდი გალაკტიონის დღესაც ჟრუანტელის მომგვრელი ლექსი „დროშები ჩქარა!“

„გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა…

დროშები ჩქარა!

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,

ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა…

დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,

ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.

მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს…

დროშები ჩქარა!..“

გენიალური გალაკტიონისავე კალამს ეკუთვნის აშკარად პარტიული შეკვეთით დაწერილი  და გამოქვეყნებისთანავე დასავიწყებლად განწირული ეს სტრიქონები (მიჭირს, ლექსი დავარქვა):

„მხარი მხარს, მხარი მხარს! კოლექტივო, მხარი მხარს!

აბა, ჰე, აბა, ჰე, აბა, მივცეთ მხარი მხარს!

წავიდეთ, მოვედოთ თავისუფალ მთა და ბარს.

მივიდეთ, მივუდგეთ გაერთიანებულ ჯარს.

არიქა, არიქა, ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს.

არიქა, ბობოლა ძველ ღობეებს უვლის გარს…“

იმედია, ქალბატონი ბელა შალვაშვილი გალაკტიონის გვერდით მის მოხსენიებას შეურაცხყოფად არ მიიღებს. მით უფრო, რომ კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ამ უნიკალური აღმოსავლეთმცოდნე-მთარგმნელის (მხოლოდ ფირდოუსის უვრცესი „შაჰნამეს“ გადმოქართულება რად ღირს!), შესანიშნავი პოეტისა და  ლიტერატურული მოღვაწის წინაშე. სწორედ მის მადლიან კალამს ეკუთვნის ეს სულისშემძვრელი სტრიქონები:

„როდის ისვენებს არაგვი,

რა დროს იძინებს მტკვარი…

ნეტავი, როცა არა ქრის,

მაშინ სად არის ქარი… 

რად ვერ მოშუშდა აქამდე

ქვეყნად ამდენი წყლული…

და თუ რამე არ აღანთებს,

როგორ ისვენებს გული…“

და, აი სწორედ ეს ნიჭიერი ქალბატონი 2025 წლის 24 იანვრის გაზეთ  „ლიტერატურულ საქართველოში“ აქვეყნებს აშკარად პოლიტიკური დაკვეთით შესრულებულ სტრიქონებს:

„როდესაც ხალხი გამოდის გარეთ

და მოედება მოედნებს რისხვით,

მთავრობისადმი ირჯება ცხარედ –

უტყუარია სიმართლე მისი. 

ასეა ოდით, ასეა დღემდე –

მაღალთ მდაბალთა მჩაგვრელად ვხედავთ, 

და ვით ჩაგრული ირჯება ეგრეთ,

გარჯა იმისი სწორია მეტად. 

დავფიქრდები და გამოდის ასე –

უფროსი მიწყივ მჩაგვრელი არის,

უფროსი არის სიხარბით სავსე –

გაუმაძღარი მგლისაა დარი…“

მე, ქალბატონი ბელას შემოქმედების მეტ-ნაკლებად მცოდნე და დიდად დამფასებელ ადამიანს, მით უფრო, თავადაც აღმოსავლეთმცოდნეს, მიჭირს დავიჯერო, რომ ეს აბსოლუტურად ულოგიკო, აშკარად ნაძალადევი, პოლიტიკური რახარუხი მისი ალალი სურვილის ნაყოფია. ამიტომაც ვერაფერს ვამბობ მის რაიმე კავშირზე პოეტიკასთან – პოეზიის ფილოსოფიასთან.

მართლაც ძნელი სარწმუნოა, მრავლისმნახველმა ქალბატონმა ბელამ არ იცოდეს, რომ ხალხი არის საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ფიქრობს, ქმნის, აშენებს, თარგმნის, ლექსებს თუ რომანებს წერს, სტუმარ-მასპინძლობს… ვინც ქუჩაში მშვიდობიანად გამოდის ქართული ენის დასაცავად (1978 წელს), ან ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით (1989 წელს)…

საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ქუჩაში გამოდის სახელმწიფო გადატრიალების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრას ლამობს, ქვებს ისვრის, პოლიციელებზე ძალადობს და უშვერი სიტყვებით ბილწსიტყვაობს, არის ბრბო…

ამ მარტივი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, „როდესაც ხალხი გამოდის გარეთ და მოედება მოედნებს რისხვით“, ის არის არა ხალხი, არამედ ბრბო.

მრავლისმნახველმა ქალბატონმა ბელა შალვაშვილმა ეს უნდა იცოდეს.

იქნებ მეშლება და, მე რომ ვიცნობ, იმ მშვენიერი პოეტისა და მთარგმნელის  სახელს ამ უნიჭო სტრიქონების ავტორის სახელი,  უბრალოდ, ემთხვევა (01. 02. 2025)“, – წერს თეიმურაზ ქორიძე.

 

ასევე იხილეთ