„საქართველოს მთავრობა უცხოელი ინვესტორების დიდი მხარდამჭერია და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს“, – ამის შესახებ „Exim Holding“-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯის“ გენერალურმა მენეჯერმა აღათაი ულქერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობასთან თანამშრომლობით „Exim Holding“-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს.
„აჭარ ენერჯის“ გენერალური მენეჯერის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში დიდი პოტენციალია.
„ქვეყნის მთავრობა ინვესტორების დიდი მხარდამჭერია და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მაგალითად, უზრუნველყოფის მექანიზმი კარგი რამ არის და რთულია მსგავსის პოვნა მსოფლიოში. სხვა ქვეყნებშიც ვახორციელებთ კაპიტალდაბანდებას და ბიზნესს და ეს მექანიზმი ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს დიდი საეტაპო მოვლენაა და მის შედეგებს მალე იხილავთ. მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში. საქართველოს მომავლის გვჯერა და მიგვაჩნია, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. იმედი მაქვს, მეტი კომპანია ჩამოვა საქართველოში ინვესტირების და ბიზნესის კეთების მიზნით,“- აღნიშნა ბიზნესმენმა.
მისივე თქმით, „Exim Holding“-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელთა შორის, რომელიც განახლებადი ენერგიის სფეროს მიმართულებით საქმიანობს. კომპანია განსაკუთრებით დაინტერესებულია ქარისა და მზის ენერგიის წარმოებით.