გივი მიქანაძე: ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება „დიფ სთეითის“ დამარცხება
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალები, რომელსაც „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ, არსად წასულან, იბრძოლებენ ბოლომდე, ამიტომ ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება „დიფ სთეითის“ დამარცხება“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.
მანვე აღნიშნა, რომ ლიბერალები დღეს არიან პანიკაში, აგონიაში, რადგან ტრამპის პოლიტიკა აბსოლუტურად არის საწინააღმდეგო იმ ერთგვარი ღირებულებებისა, რის დანერგვასაც ლიბერალები მსოფლიოს მასშტაბით ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ.
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ტრამპი უკვე ოფიციალურად დაიკავებდა ოვალურ კაბინეტს და მისი ინაუგურაცია შედგებოდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ინაუგურაციაზე, რომელიც პირდაპირ ღირებულებით ნაწილში თანხვედრაში მოდის იმ პოლიტიკასთან, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველოში ახორციელებს. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენთვის ცხადზე ცხადია, რომ ძალიან ბევრ ღირებულებით ნაწილში არის შეხებითი კომპონენტი ტრამპის ადმინისტრაციასთან და მის პოლიტიკასთან. ეს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ძალიან მკვეთრმა, ხისტმა ნაბიჯებმა მისი ადმინისტრაციის მხრიდან დაადასტურა.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ძალები, რომელსაც „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ, არსად წასულან, იბრძოლებენ ბოლომდე, ამიტომ ამ ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ის გაცხადებული წინასაარჩევნო დაპირება, რომ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია „დიფ სთეითის“ დამარცხება“, – აღნიშნა მიქანაძემ.