„Guide Of Georgia“: მუმბაის გამოფენამ გადააჭარბა მოლოდინებს, ველოდებით ტურისტების დიდ რაოდენობას ინდოეთიდან
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. „OTM 2025“-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია „Guide Of Georgia“-ს დირექტორი ეკატერინე ჯიქიძე.
„წელს ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა მუმბაის ტურისტულ გამოფენაში. ძალიან დიდი გამოხმაურებაა, ამიტომ ველოდებით ტურისტების დიდ რაოდენობას ინდოეთიდან საქართველოში. ჩვენ ყოველ წელს ვიღებთ მონაწილეობას დუბაის გამოფენაში, თუმცა მუმბაის გამოფენამ გადააჭარბა მოლოდინებს და გადააჭარბა საემიროებიდან დაინტერესებას, ვიმედოვნებთ, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ 2025 წელს“, – განაცხადა ეკატერინე ჯიქიძემ.
„OTM 2025“-ზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.