„ის, ვინც ცდილობს დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის მიიღებს სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
შალვა პაპუაშვილმა წინა მოწვევის პარლამენტის მუშაობის დასაწყისში ოპოზიციის ქმედებები გაიხსენა.
მისი თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ, ისინი ინტენსიურად აცდენდნენ სხდომებს.
„გახსოვთ, რომ სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენილი ჰქონდათ, ხან ბოიკოტით და ხან – ისე. არცერთი დღე რეალურად არ უმუშავიათ პარლამენტში. 2020 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მათ შანსი მისცა, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება წარმოედგინათ, რადიკალური ოპოზიცია შეეცადა, ეს პრეცედენტად ექცია და 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ზუსტად იმავე მცდელობას ვხედავთ – არჩევნების გაუქმების და ხალხის ნების უარყოფის. ვხედავთ იმავე მეთოდებს, მათ შორის, მანდატებზე უარის თქმას. რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველი ხალხის სახელით, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.