საკანონმდებლო ორგანომ 83 ხმით მხარი დაუჭირა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს.
დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია სამი თვით. თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.
„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მინიმუმ ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები იმ პასუხისმგებლობიან გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება აღნიშნული კომისიის მუშაობას და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.