leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და „ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

საქართველოს პარლამენტში „ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდება. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე  პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ განაცხადა.

პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით მუშაობას ილია ინჯიასთან ერთად გააგრძელებენ პარლამენტის წევრები ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ.

ილია ინჯიას განცხადებით, სრულად დაიცვეს კოლეგიალობის პრინციპი და გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობას აცნობეს.

„მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა. როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციით და სიძულვილის გაღვივებით, არამედ, რეალურ საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით და ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვას და სწრაფ განვითარებას ემსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ.

ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდე. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, არგუმენტირებულ კამათში შევა უმრავლესობის წარმომადგენლებთან საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.

 

ასევე იხილეთ